„საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“ – ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნიდან

„გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

„განუწყვეტლივ ვმუშაობთ საქართველოს გლობალურ პოზიციონირებაზე და უკვე ვხედავთ ამის შედეგს. „მსოფლიო სამართლის პროექტის“ მიერ გამოქვეყნებულ სამართლის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ – მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების მონაცემებით, – მსოფლიოს პირველ ხუთეულშია სინგაპურთან და შვეიცარიასთან ერთად. ცხოვრების ხარისხისა და ხარჯების გლობალური მონაცემთა ბაზის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დასახელდა და მე-14 ადგილი დაიკავა“ – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს.

„ვაგრძელებთ ერთმნიშვნელოვან გზაზე სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ მიზნების ერთგულება ეფუძნება განხორციელებულ მოქმედებებსა და რეალურ შედეგებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით. საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა“ – – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები