,,არასწორ დასკვნებს – ქალბატონ ეკა გიგაურის დასკვნებს ეყრდნობიან”- ირაკლი ზარქუა USAID-ზე

,,USAID-ში  ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოგონილი და შემდეგ ფურცელზე გადატანილი თემების ტირაჟირებით,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დოკუმენტს, სადაც საუბარია კორუფციის კუთხით, საქართველოში არსებულ მდომარეობაზე.

ზარქუას თქმით, სააგენტო ეკა გიგაურის არასწორ დასკვნებს ეყრდნობა.

„საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მივმართავ, USAID არის ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთელ რიგ რეფორმებში გვერდით უდგას. იქ ჩაბუდებული არიან ადამიანები, რომლებიც აქცენტირებული არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ მოგონილი და შემდეგ ფურცელზე გადატანილი თემების ტირაჟირებით. საქართველო 2012 წლამდე კორუფციის ინდექსის მიხედვით, 70-ე ადგილზე იყო. 2012 წლის შემდეგ 31-ე ადგილზე ვართ. უფრო მეტიც, 200 სახელმწიფოს შორის ბიუჯეტის გამჭვირვალობით საქართველო პირველ ადგილზეა. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. როგორ შეიძლება, ასეთი ქვეყანა იყოს კორუფციის მორევში, როგორც ეს ახლა ითქვა? ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არასწორ დასკვნებს – ქალბატონ ეკა გიგაურის დასკვნებს ეყრდნობიან. ეს ის გიგაურის, რომელიც ვანო მერაბიშვილის რეჟიმის ერთ-ერთი კაპიტანი იყო. ქალბატონ კელი დეგნანს მივმართავ, როცა USAID ამ ადამიანის დასკვნებით გამოდის, გაგვიჭირდება საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნოთ, რომ აშშ და ამერიკული ორგანიზაციები სიმართლეს და სამართლიანობას ემსახურებიან. USAID შეცდომაშია შეყვანილი“, – განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, USAID-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის  მიხედვით, ბოლო ათწლეულში ნათელი გახდა, რომ უმდიდრესმა ოლიგარქმა საქართველოში მიიტაცა სახელმწიფო, მათი (საერთაშორისო გამჭვირვალობა) კვლევა სწავლობდა კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობას, საქართველოს მზარდ ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე რუსეთზე და ოლიგარქის საიდუმლო ბიზნესებს რუსეთში“.

მსგავსი თემები