,,სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ”- ხატია დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას,”- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრას არ დაესწრება.

„დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სახალხო დამცველის არჩევასა და წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენი ფრაქცია და ოპოზიციის დიდი ნაწილი დღევანდელ სხდომას, სამუშაო ფორმატში შეხვედრას არ დავესწრებით. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ისინი კანდიდატის შერჩევაზე უკვე მუშაობენ და მათ შერჩეულ კანდიდატს დავუჭერთ მხარს. ჩვენი ფრაქცია მზადაა, წარადგინოს ეს კანდიდატი. ჩვენ ვართ ერთადერთი დიდი ოპოზიციური ფრაქცია. გარდა ამისა, ჩვენ ფორმალურ შეხვედრებზე, რაც გულისხმობს ბიუროსა და კომიტეტებზე საკითხის განხილვას, მზად ვართ ჩავერთოთ ამ დისკუსიაში. მანამდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების აზრს ვერ ვხედავთ და ეს პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი თემები