„დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგის ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, სადა კორონავირუსის მზარდ სტატისტიკაზე საუბრობს. „დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის“ – აცხადებს ცერცვაძე.

ინფექციონისტის შეფასებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე.

„ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 6 შემთხვევა, ხოლო წინა კვირაში – 8. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 1700-1800 COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.06%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 არსად წასულა და სავარაუდოდ იგი კარგად ხანს შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია. შესაბამისად ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-19-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და ამით თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მსგავსი თემები