„ევროკავშირი არ გამოირჩევა მობილურობის იმ ხარისხით, როგორი ხარისხითაც უნდა გამოირჩეოდეს“ – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ევროკავშირის რეზოლუციასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ მას მობილურობის ის ხარისხი არ გააჩნია, რაც უნდა გააჩნდეს.

„ცხადია, რეზოლუციამ შექმნა არც თუ სახარბიელო ემოციური ფონი. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ამას ყურადღება არ უნდა მიექცეს, რა თქმა უნდა, ეს არასწორი და არაობიექტური შეფასება იქნება, თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ ევროპის პარლამენტში, როგორც საკანონმდებლო ორგანოში დებატების თავისუფლების ხარისხი და ის ტექნოკრატიული ფარგლები, ის რეალისტური მიდგომა, რაც შეიძლება, უკვე სხვა ბიუროკრატიულ ინსტიტუტებში იყოს, უფრო აღმასრულებელში – ევროპული საბჭო, ევროკომისია, სხვაა. შეიძლება, აქ მოხდა ეს ამ დამოკიდებულების გარდატეხა და ჩვენ მივიღოთ აბსოლუტურად სხვა განვითარება“ – აცხადებს ყიფიანი.

ადვოკატის შეფასებით,  ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ესაზღვრებიან, აბსოლუტურად სხვაგვარად აღიქვამენ გამოწვევებს და რისკებს, ვიდრე  ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან დაშორებულია.

„ევროკავშირის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ პროცესშია. როგორც ქმედითი მობილური ორგანიზმი, დღეს ევროკავშირი არ გამოირჩევა მობილურობის იმ ხარისხით, როგორი ხარისხითაც უნდა გამოირჩეოდეს თანამედროვე პირობებში და ეს ხარისხის უქონლობა, სხვათა შორის, იმითაც არის განპირობებული, რომ რაც უფრო დაშორიშორებულია ქვეყანა რუსეთის ფედერაციასთან, ამ კონფლიქტურ ზონებს, მით უფრო განსხვავებულია მისი მხრიდან რისკისა და საფრთხეების აღქმა“ – განმარტავს ყიფიანი.

მსგავსი თემები