,,ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ უკრაინის მხარდასაჭერად, არ ჩავერთეთ ომში”- ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან პრინციპულად ითხოვს, დაასახელონ კონკრეტული ფაქტები, რა შეიძლებოდა, გაეკეთებინა საქართველოს უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გააკეთა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც საქართველოს ხელისუფლებამ არ გააკეთა, არის ის, რომ ქვეყანა არ ჩაერთო ომში.

„ოპოზიციისგან პრინციპულად ვითხოვთ, ჩამოწერონ, კონკრეტულად რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინის მხარდასაჭერად და რა არ გავაკეთეთ. დღემდე ამაზე პასუხი არ მიგვიღია. მივიღეთ მხოლოდ ორი აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ელოდნენ საქართველოსგან ომში ჩართვას. გვარებს ჯერ არ დავასახელებ. ორმა პოლიტიკოსმა გააჟღერა ეს, თუმცა ჯერ არ ვიჩქარებ, დაველოდებით სხვა პოლიტიკოსებისა და პარტიების განცხადებებს. თუ ისინიც ზუსტად იმავეს ფიქრობენ, რომ მხოლოდ ეს დავაკელით, არ ჩავერთეთ ომში, პასუხი იქნება ნათელი. ერთადერთი, რაც არ გავაკეთეთ ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად, ეს არის ის, რომ არ ჩავერთეთ ომში და ქართველი ხალხი არ ჩავაყენეთ იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის დღეს, სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხი.

ერთადერთი მხარდაჭერა, რაც არ გამოვუცხადეთ უკრაინას, არის ეს. არ ჩავერთეთ საომარ მოქმედებებში. ზუსტად ამიტომ ვითხოვთ ოპოზიციისგან, ჩამოწერონ. ნებისმიერს შეუძლია, ჩამოწეროს ეს ყველაფერი. ყველას ვთხოვ, ჩამოწერონ, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა და რა არ გავაკეთეთ. ნული არგუმენტია. რა გავაკეთოთ დამატებით, სამხედროები გავგზავნოთ, ცხინვალს დავესხათ, ოსები და აფხაზები დავხოცოთ თუ რა გავაკეთოთ. ჩვენ ვიყავით თანაავტორები გაერო-ს რეზოლუცია როდესაც დაინიცირდა. ჰააგის საჩივარზე ვიყავით მხარდამჭერი, მოლდოვამ გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაბედა რაღაცები. ევროსაბჭოდან სტატუსის შეჩერებას მხარი დავუჭირეთ უთო-ში. სადაც კი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მისაღები, ყველგან ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სრული მხარდაჭერა იყო პოლიტიკური და ჰუმანიტარული კუთხით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები