ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი წარადგინა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი წარადგინა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ხვალ მივიღებთ ზომების მეოთხე პაკეტს, რუსეთის იზოლაციის გაზრდისა და იმ რესურსების ამოწურვის მიზნით, რომლითაც ის აფინანსებს ამ ბარბაროსულ ომს. ამჟამინდელი კრიზისი უპრეცედენტოა; ისევე, როგორც მასზე მეგობრული და სწრაფი რეაგირება დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან. მე უკვე ვთქვი და გავიმეორებ: უკრაინა გაიმარჯვებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ევროკავშირი რუსეთს ვაჭრობაში უპირატესობებს ჩამოართმევს. ახალი სანქციების მეორე ნაწილი პუტინის ახლო წრეების წინააღმდეგ არის მიმართული; მესამე ხაზი არის კრიპტოვალუტები; მეოთხე – ევროკავშირი აკრძალავს ფუფუნების საგნების ექსპორტს რუსეთში. მეოთხე პაკეტის მეხუთე კომპონენტია რუსეთიდან ფოლადისა და შავი მეტალურგიის სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვა.

და ბოლოს, ევროპელებს ეკრძალებათ ინვესტიციების ჩადება რუსეთის ენერგეტიკული სექტორის ნებისმიერ პროექტში. გარდა ამისა, იმის ფონზე, რომ ნავთობი და გაზი რუსეთის შემოსავლის მთავარი წყაროა, ევროკავშირი აპირებს, უარი თქვას რუსეთის ენერგორესურსებზე 2027 წლისთვის.

მსგავსი თემები