არჩევნები დამთავრდა, ვიწყებთ რეფორმებს, დავიცავთ თითოეულ მოქალაქეს – მამუკა ბახტაძე 

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, არჩევნები დამთავრდა, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, ხოლო მთავრობამ დაიწყოს რეფორმების გატარება.

„არჩევნები დამთავრდა, ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ძალიან ბევრი საქმე არის გასაკეთებელი და ბევრი გამოწვევაა გადასალახი. ჩვენი მიზანია ქვეყნის წინსვლა და განვითარება გახდეს შეუქცევადი, რაც საბოლოოდ უნდა აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ხელისუფლება არ დაუშვებს რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს, საზოგადოების ცხოვრებაში არეულობისა და დისონანსის შეტანის მცდელობას. სახელმწიფო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. ასევე, იზრუნებს იმაზე, რომ ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს და მოპოვებულ გამარჯვებას ჩრდილი ვერავინ მიაყენოს.

მისივე თქმით, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო ​არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის.

“რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, კანონის ძალით გაეცემა პასუხი. დაახლოებით ორმა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონდე საზოგადოება. შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ არ დავუშვებთ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო, საფრთხე დაემუქროს მათ, ჩვენ არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობის, დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მსგავსი თემები