​რუსი პიარმენეჯერები სალომე ზურაბიშვილს რომ ჰყოლოდა, ერთი ამბავი ატყდებოდა – გოგი ქავთარაძე  

  •  

პარლამენტის ყოფილი წევრი, რეჟისორი გოგი ქავთარაძე მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო კამპანიას უწუნებს და მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ ბევრი ფაქტორი სათანადოდ ვერ გამოიყენეს. მათ შორის ის, რომ ზურაბიშვილის მთავარი კონკურენტის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას რუსეთიდან მიწვეული სპეციალისტები ხელმძღვანელობენ, მაშინ, როცა “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი და ყოფილი წევრები, პირველივე წუთებიდან “რუსეთის აგენტსა” და “მოღალატეს” დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უწოდებენ.

პიარმენეჯერები, ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ვაშაძეს, რუსეთიდან ჩამოიყვანეს. ასეთი რამ “ქართულ ოცნებას” რომ გაეკეთებინა, ამბავს ატეხდნენ, რუსები ჩამოიყვანესო. ხელისუფლება კი ამ ფაქტორს თავის სასარგებლოდ არ იყენებს. რუსეთთან კავშირი თვითონ აქვთ და მოღალატეს სალომე ზურაბიშვილს უწოდებენ. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ქვეყნის მიმართ მტრობას, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადასალახავი გვაქვს. ხალხს ჰგონია, რომ არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა. ეს ასე არ არის. მან ერთი პროცენტით აჯობა ვაშაძეს. მეორე ტური გადაწყვეტს ყველაფერს. ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გოგი ქავთარაძემ “მედიაცენტრ  მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადანაცვლების რეალური საფრთხე არსებობს. თუმცა, ეს ყველაფერი არ მოხდება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში.

“სალომე ზურაბიშვილს ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ ის არის დიპლომატი, პატრიოტი ადამიანი, რომელიც დაიბადა ემიგრაციაში, მაგრამ თხემით-ტერფამდე ქართველია. მე მას ვუჭერ მხარს, როგორც მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და ქალს, რომელსაც შეუძია ესაუბროს ხალხს. მისი ინტელექტი, დიპლომატიური გამოცდილება და პრაქტიკა დღეს სჭირდება ქვეყანას. მიხარია, რომ არის ქალბატონი, პატრიოტი, რომელსაც  გული შესტკივა იმ ქვეყანაზე, სადაც არ დაბადებულა”, – აცხადებს გოგი ქავთარაძე.

მსგავსი თემები