​ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნიათ, ისე მოაწყეს გამარჯვების ყალბი ზეიმი – კახა კალაძე 2008 წლის ომზე

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე, ყოფილ სახელისუფლებო პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მის ლიდერებს, 2008 წლის ომში მონაწილე ქართველი სამხედროების მიმართ ღალატში და თბილისში გამარჯვების ყალბი ზეიმის გამართვაში ადანაშაულებს.

მისივე შეფასებით, საქართველოს დღეს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავიც კი არ ექნებოდა, რომ არა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის პირადი გმირობა და მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოების თავდადება, რომლებიც მაშინდელი ხელისუფლების მიერ მიტოვებულ სოფლებში შევიდნენ და მტრისთვის შეტოვებული დაღუპული გმირების ცხედრები გამოიტანეს.

კახა კალაძე ექსპრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ადანაშაულებს საქართველოში რუსეთის ჯარების შემოყვანაში, ცხინვალის რეგიონის 150 სოფლის დაკარგვაში და კოდორის ხეობის უბრძოლველად ჩაბარებაში.

მისივე შეფასებით, მოქმედ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების ღალატში დღეს, იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ადანაშაულებენ, ვინც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არნახული რეპრესიები მოუწყო.

“პარტიამ და მისმა ლიდერმა, ვინც საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია, ისე მოაწყეს გამარჯვების ყალბი ზეიმი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც საკუთარი სიმხდალის და ღალატის გადასაფარად, ჯოხი ისევ გმირ სამხედროებზე გადატეხა და მათი თანაგუნდელი სადისტების ხელით არნახული რეპრესიები მოუწყო შეაიარაღებულ ძალებს. დღეს, ეს ხალხი გვდებს ბრალს ეროვნული ინტერესების ღალატში”, – აცხადებს კახა კალაძე.

​მისივე თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, ხალხთან ერთად მიღწეული მთავარი მონაპოვარი – დეპოლიტიზებული ჯარი, ისევ პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიონ.

“სწორედ ხალხთან ერთად დავიცავთ ჩვენს სამხედროებს თქვენი შანტაჟისგან, ყველა საერთაშორისო სტრუქტურაში მოვიგებთ თქვენ მიერ წაგებულ საქმეებს, თქვენი ღალატით გახლეჩილ ქვეყანას გავამთლიანებთ და წავიყვანთ წინ”, – მიმართავს კახა კალაძე ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს.

 

მსგავსი თემები