დაზარალებული მეანაბრეების პრობლემის მოგვარება აქამდეც შეიძლებოდა – გედევან ფოფხაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა აღიაროს პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოების როლი და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც მოსახლეობას დაანახებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე.

მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გედევან ფოფხაძემ დღეს, სხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “საქართველოს” დაზარალებულ მეანაბრეების პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ადამიანების პრობლემის მოგვარება აქამდეც შეიძლებოდა.

​​ორი დღეა მაქვს მათთან კომუნიკაცია და მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარება აქამდეც შეიძლებოდა. მათ უნდა ეგრძნოთ სახელმწიფოს მხრიდან რეალური გზები და ასე ცაში გამოკიდებული არ უნდა იყოს ეს პრობლემა. ეს დანარჩენ საზოგადოებასაც აფიქრებინებდა, რომ ხელისუფლებას აქვს გათავისებული საკუთარი ვალდებულება, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროს. არ შეიძლება სახელმწიფო ამ ვალდებულებას გაექცეს”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

მისივე თქმით, ​​28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველის 50%-ზე მეტი არ მივიდა. “ქართულ ოცნებას” სრული რესურსი აქვს იმისთვის, რომ გაზარდოს იმ ღირებულებების თამასა, რომლითაც ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

​გედევან ფოფხაძის თქმით, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიაში ამომრჩევლების თვითორგანიზაციისა და ეკლესიის წილი.

“მმართველმა გუნდმა უნდა აღიაროს საზოგადოების მნიშვნელობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. არ შეიძლება, ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციების პოზიცია, როგორიც არის მართლმადიდებლური ეკლესია და სხვა რელიგიური კონფესიები, არ იყოს გათვალისწინებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. ასევე, ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ხელისუფლების დახმარება და მხარდაჭერა, არ უნდა ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ხელისუფლება მათ გვერდით არ არის”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები