“მინიმალურ დონეზეც არ დავუშვებთ არეულობას” – კახა კალაძე ალასანია-სააკაშვილის საუბრის ჩანაწერზე

  •  

თბილისის მერი და სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, უკრაინულ ინტერნეტ საიტზე გავრცელებულ ალასანია-სააკაშვილის სატელეფონო ჩანაწერზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შეიტანონ.

​კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილს სძულს ქართველი ხალხი და საქართველო, რასაც მოწმობს აღნიშნული ჩანაწერი.

“ამ საუბარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა “ნაციონალური მოძრაობის” სახით რა ხალხთან გვაქვს საქმე! როდესაც ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, ყველაფერი ნათელი ხდება. კიდევ ერთხელ მივიღეთ პასუხი – თუ რა იყო მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების მიზეზი. ასე რომ მოექცე საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებას, ხალხი უნდა გძულდეს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, თუნდაც, მინიმალურ დონეზე შეიტანონ არეულობა პოლიტიკურ პროცესებში!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულ საიტ zdes.com.ua -ზე  ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც, ერთ-ერთ ეპიზოდში თემურ ალასანია ქართველებს “ავადმყოფ ერს ” უწოდებს და იმუქრება.
მიხეილ სააკაშვილი კი ამბობს, რომ ორი ელემენტის გაძლიერება სჭირდებათ: რევოლუციური ახალგაზრდობის და  თბილისის middle class-ის, რადგან საბოლოო ჯამში რევოლუციას ისინი ახდენენ.
​”მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში და ეგ, ეგრე არ არის. ისიც არის, მაგრამ გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს “Self made“ ბიზნესები თბილისის ცენტრში”, – ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი თემები