აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

დიდუბეში, ჯანდაცვის სამინისტროსთან ავტომანქანის მოძრაობა შეზღუდულია. გზის სავალი ნაწილი აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს, რომლებიც სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.   

საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება და მისი მოთხოვნაა  მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

„რატომ დუმს ეკა ტიკარაძე, რატომ ჰყავთ გადამალული? მისი ვალდებულებაა, იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს ქალბატონი მინისტრი გუშინდელ კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ეპყრობიან არა მარტო პატიმარ, არამედ პაციენტ სააკაშვილს“ – განაცხადა აქციაზე ზაალ უდუმაშვილმა.

პარალელურ რეჟიმში, ანალოგიური მოთხოვნით აქცია იმართება იუსტიციის სამინისტროსთან. აქაც მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომლებიც აქციის ორგანიზატორებს შენობაში შესვლის და მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ.

მსგავსი თემები