“იმედმა” “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო რეკლამა ეთერში არ გაუშვა

ტელეკომპანია “იმედმა” ოპოზიციური პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა ეთერში არ გაუშვა. როგორც რადიო თავისუფლებას პარტიაში უთხრეს, არხმა მათ უარი როგორც ფასიანი, ისე უფასო საეთერო დროის დათმობაზე უთხრა.

სწორედ იმ მიზეზით, რომ “იმედმა” არ გაუშვა ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო რეკლამა, კომუნიკაციების კომისიამ მას სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.

“პარტიამ მაუწყებელს ორჯერ მიმართა სარეკლამო რგოლების განთავსების მოთხოვნით, თუმცა, „იმედს“ რგოლები ეთერში არ განუთავსებია”, – აღნიშნავენ კომისიაში.

კომისია აქვე განმარტავს, რომ კანონი “იმედს” ყოველ სამ საათში 7,5 წუთის წინასაარჩევნო რეკლამისთვის უფასოდ გამოყოფას ავალდებულებდა, რომელიც თანაბრად და არადისკრიმინაციულად უნდა დაეთმო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის. კომისიამ არხს ერთდროულად ორი მუხლითა და რამდენიმე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა დაუდგინა.

ჯარიმის სახეზე თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. ამ საკითხზე რადიო თავისუფლებამ “იმედში” დაკავშირება ვერ შეძლო.

გასულ 2020 წელს, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდებოდა და ოპოზიციამ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე, “მთავარმა არხმა” არ გამოყო არჩევნებისთვის სარეკლამო დრო და არ განათავსა “ქართული ოცნების” სარეკლამო რგოლები.

მსგავსი თემები