“მათი პოზიცია გასაგებია, რადგან სააკაშვილი მათი მოქალაქეა” – საგარეო მინისტრი სააკაშვილის დაკავებაზე

  •  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო უკრაინულ მხარესთან ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრობლემები არ არსებობს.    

„უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ვითარდება. მათი პოზიცია გასაგებია, რადგან სააკაშვილი მათი მოქალაქეა. საელჩოს აქვს კომუნიკაცია, იყო კონტაქტი საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც უკრაინულ მხარეს მიაწვდის მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას. ინფორმაცია, რომელიც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა, მყისიერად იქნება მიწოდებული უკრაინელი მეგობრებისთვის. დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება. ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.

„პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამგვარი ამბებით და საქართველოში გაკეთებული განცხადებების ტონით, სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინა ქართულ მხარეს სთხოვს განმარტებას უკრაინის მოქალაქისადმი ასეთი ნაბიჯის გადადგმის ყველა გარემოებისა და მიზეზის შესახებ“ – აღნიშნულია ადმინისტრაციის უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.


მსგავსი თემები