“ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო, თუ ასეა, ეს იმის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არც შსს და არც უსაფრთხოების სამსახური” – მამუკა ხაზარაძე

  •  

ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც უსაფრთხოების სამსახური, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მან დადასტურებულად არ იცის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არის თუ არა.

„ვნახე გავრცელებული ვიდეო. თუ ეს ასეა, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არანაირი სტრუქტურები, არც საზღვარი, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უსმენს სამღვდელოებას, თქვენ და მშვიდობიან მოქალაქეებს. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკურ პროცესებზე, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ამ მომენტში ჩამოსვლა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება.

„მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი და ხვალ ხმას მისცემს ცვლილებებს და ალტერნატივას, ალტერნატივა ვართ ჩვენ, „ლელო“ , – აღნიშნა ხაზარაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმართვაში განმარტავს, ბათუმში იმყოფება.

„ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას“, – აცხადებს სააკაშვილი.

მსგავსი თემები