“ორჯერ მიმართა საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალებაზე – ასეთი რამ სინოდს აქამდე არ გაუკეთებია” – მაუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სინოდმა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ორ პრეზიდენტს რეკომენდაცია წერილობით გაუგზავნა.

„ორჯერ მიმართა საპატრიარქომ პრეზიდენტს, ერთხელ წინა პრეზიდენტს, ერთხელ ამ პრეზიდენტს და თუ კიდევ იქნება ახალი პრეზიდენტი, იმასაც მივმართავთ. უპრეცედენტო შემთხვევა იყო, ასეთი რამე სინოდს აქამდე არ გაუკეთებია, წერილობით მიმართა პრეზიდენტს. რა ვქნათ, მეორედ მივმართოთ ისევ?“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზის თქმით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს.

„თუ მამა გიორგის ჯანმრთელობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს გადააჭარბებს, აუცილებლად მოახდენს ხელისუფლება რეაგირებას, რადგან არავის სჭირდება, ავადმყოფობის გამო პატიმარი ციხეში გარდაიცვალოს“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

მსგავსი თემები