ხილი მაშინ არის სასარგებლო, როცა მის შემადგენლობაში ყველაფერი ნორმაშია – ეკოტოქსიკოლოგი

​გაეროს ექსპერტი, ეკოტოქსიკოლოგი ხათუნა ახალაია აცხადებს, რომ ხშირად სეზონური ბაღჩეული კულტურებისა და ხილის ტრანსპორტირება ხორციელდება ისეთი სატრანსპორტო საშუალებებით, რომლის საბარგულით მანამდე სასუქი ან რაიმე სახის ქიმიური ნივთიერებები გადაზიდეს, ამ თვალსაზრისით არ ხორციელდება კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანია როგორ მოიყვანეს ნაყოფი, წელიწადის რა დროს მოიკრიფა და სხვა.

​როგორც ხათუნა ახალაიამ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხილი მაშინ არის სასარგებლო, როცა მის შემადგენლობაში ყველაფერი ნორმაშია. მისი დაბინძურების პირველწყარო კი არის ფერმერი, რომელიც იყენებს მინერალურ სასუქს ისე, რომ ხშირ შემთხვევაში არ იცის მისი საჭირო ოდენობით გამოყენების წესები.

ახალაიას მიაჩნია, რომ ფერმერულ მეურნეობებში აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს გამოყენებული ქიმიური სასუქები. ფერმერს უნდა მოეთხოვოს აგრონომის რეკომენდაციები.

“ფერმერულ მეურნეობებს ერთი დანიშნული პირი თუ არ ეყოლება, რთული იქნება მისი გაკონტროლება. შესაბამისად,​ ვინაიდან ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ, რომ ევროპული სტანდარტი უნდა დავნერგოთ და ვამბობთ, რომ ტურიზმის განვითარების ქვეყანა ვართ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ სფეროს მოწესრიგებაზე. ​ტურიზმს ასეთი ტიპის პროდუქციით ვერ განვავითარებთ”, – მიაჩნია ხათუნა ახალაიას.

მისივე თქმით, უკანასკნელი ორი წლის კვლევებს თუ გადავხედავთ, ამ თვალსაზრისით მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არანაირი პროგრესი არ შეიმჩნევა მეურნეობებში, თუ როგორ უნდა აწარმოონ ასეთი ტიპის პროდუქტები. არ ხორციელდება კვალიფიციური კადრების გადამზადება, ტრენინგების ჩატარება, ფერმერულ მეურნეობებს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მცენარეთა დამცველი, აგრონომი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ვითარებაზე, კვალიფიციურად შეისწავლის მცენარეებს დათესვამდე და დათესვის შემდეგ. შეისწავლის მინერალურ სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების მეთოდს. ეს უკანასკნელი აუცილებელი სასუქია დაავადებების საწინააღმდეგოდ.

ხათუნა ახალაიას თქმით, საზამთრო და ნესვი ჩვენთან ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში მოჰყავთ, სადაც თითქმის ზოგიერთ ტერიტორიაზე უდაბნოს კლიმატური პირობებია, ძალიან მალევე გადაყვავილდება მცენარეები და სიმწვანე იკარგება. აზოტოვანი სასუქი უნარჩუნებს მცენარეს ქლოროფილს, რომლითაც ის ზრდის თავის ნაყოფს. ფერმერი ცდილობს, რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნოს მწვანე მასა მცენარეს, რომ მიიღოს უფრო დიდი საზამთრო და ნესვი, არ ფიქრობს იმაზე, რამდენად მავნე გავლენას ახდენს თავისივე პროდუქციაზე.

“გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ფერმერებმა თავად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ჯანსაღი პროდუქტი მოიყვანონ, სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა გაამკაცრონ სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმები ფერმერულ მეურნეობებში, მოითხოვოს როგორც რძის და ხორცის პროდუქტებისთვის, ახლა უკვე თხილისთვის საერთაშორისო სტანდარტები, რაც მომხმარებელს აგვაცილებს მავნე ნივთიერებებით გაჯერებულ პროდუქტს”, – აცხადებს ხათუნა ახალაია.

​როგორც ეკოტოქსიკოლოგი განმარტავს, პროდუქტში ნიტრიტებისა და ნიტრატების ჭარბი შემცველობა იწვევს ჯანმრთელობის რთულ პრობლემებს, კერძოდ, ჰემოგლობინი, რომლიც ადამიანის ორგანიზმს ჟანგბადით ამარაგებს, როგორც კი ადამიანი ნიტრიტებით გაჯერებულ პროდუქციას იღებს, ჟანგბადი ნაცვლდება ნიტრიტით და სისხლს ჟანგბადი აღარ მიეწოდება. ეს კი იწვევს ანემიას, ქვეითდება იმუნური სისტემა.

მსგავსი თემები