“წელს საქართველოს ეკონომიკას 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება” – ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ადმინისტრაციის შეფასებით, რუსული ტურისტული ემბარგოს გამო, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკას 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ სანქციების გამო, მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანაში ვეღარ შემოვა 1 მილიონი რუსი ტურისტი.

“2019 წლის ბოლომდე ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ საქართველოში შემოვიდოდა მილიონ 700 ათასი რუსეთის მოქალაქე ტურისტული მიზნით. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, უკვე შემოვიდა 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, შესაბამისად, ახლა მილიონ ტურისტზეა საუბარი, რომელიც ეკონომიკურად გადაითარგმნება როგორც ორი მილიარდი ლარის დანაკლისი”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ემბარგოს პარალელურად კი, რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

„ძალიან მასშტაბური პროპაგანდა მიმდინარებს იმაზე, რომ თითქოს საქართველო არ არის უსაფრთხო მიმართულება. ჩვენი, ძირითადი, უმნიშვნელოვანესი ამომავალი წერტილი არის, ერთობლივად, მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსაფრთხო მიმართულება”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი თემები