“ჩვენ გამოვდივართ” – “თბილისი პრაიდმა” ხვალინდელი ღონისძიება დაანონსა

ხვალ, 8 ივლისს, “თბილისის პრაიდის” გუნდი, ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდაჭერებთან ერთად, “ღირსების მარშს” გამართავს. ინფორმაციას “თბილისი პრაიდი” ავრცელებს. 

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. 

“ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები კი შს სამინისტროს მოუწოდებენ უზრუნველყონ მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. ჩვენ გამოვდივართ!”, – ნათქვამია “თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები