“ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს” – რომან გოცირიძე

“უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია ცე ჰეპატიტის წამლების ვადის გასვლა და ის, რომ დაახლოებით, ხუთასი მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები იყო, ფაქტობრივად, გაფუჭებული და გადაყრილი, ეს არის დანაშაული”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

„გვაქვს ეჭვი კორუფციისა. არის გარკვეული სიგნალები, რომ ხდებოდა ამ მედიკამენტებით ვაჭრობა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს პროკურატურამ საკითხის გამოძიება. რაც შეეხება ამ პროგრამის მომავალს, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების პირობებში, ამ მენეჯმენტის პირობებში, უკეთეს მდგომარეობასა და მის გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ. იმედია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სრულად განხორციელდება და ეფექტიანად განხორციელდება ის დახმარება, რასაც გვიწევს ჩვენი მეგობარი სახელმწიფო. დღეისათვის დაკარგულია დრო, დაკარგულია დიდძალი რესურსი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, საქართველოში დღეისათვის, ცე ჰეპატიტის პროგრამით განიკურნა მხოლოდ 58 ათასი პაციენტი. მაშინ როდესაც, დაახლოებით 120 ათასი უნდა ყოფილიყო განკურნებული.

„სამწუხაროდ, საქართველო ამ პროგრამაში მოხვდა იმის გამოც, რომ ის შედიოდა მსოფლიოს იმ სახელმწიფოების ხუთეულში, სადაც იყო მასობრივად გავრცელებული ეს მეტად ვერაგი დაავადება. დაახლოებით მოსახლეობის შვიდი პროცენტი არის ინფიცირებული ცე ჰეპატიტით, ხოლო მათ შორის, დაახლოებით 150 ათას ადამიანს აქვს მისი ქრონიკული ფორმა. დღეისათვის, ამ პროგრამით განკურნებულია მხოლოდ 58 ათასი. მაშინ როდესაც, დაახლოებით 120 ათასი უნდა ყოფილიყო განკურნებული ამ წლის ბოლოსათვის. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არის მართვის სრული კრიზისი, ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად, მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ, მოშლილია გადაწყვეტილების მიღების სისტემა, მოშლილი არის მენეჯმენტი, არის ქვეყანაში ელიტური კორუფცია. არსებული არაფორმალური ოლიგარქიული მართვის ფორმა ვერ იძლევა მსგავსი პროგრამების ეფექტიანად გავრცელების საშუალებას. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა ვერ მიიღო დროულად სამკურნალო პრეპარატი და ფაქტობრივად, გამოდის, რომ ეს უნდა იყოს განადგურებული“, – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები