“ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და როგორმე საერთო ენა უნდა გამოვნახოთ” – სერგეი შამბა

„ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ და, რა თქმა უნდა, როგორმე საერთო ენა უნდა გამოვნახოთ”, – ამის შესახებ პარტია „ედინაია აბხაზიას“ ლიდერმა სერგეი შამბამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად, მშვიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაა საჭირო.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მართებულად არის აღნიშნული, რომ პოლიტიკური კონტაქტების დასამყარებლად და მნიშვნელოვანი შედეგების მისაღებად, აუცილებელია სამშვიდობო შეთანხმების დადება და იმ პოლიტიკაზე უარის თქმა, როდესაც აფხაზეთს უწოდებენ ოკუპირებულ ტერიტორიას და ყველაფრის ისე წარმოჩენა სურთ, თითქოს, ჩვენი ქმედებები რუსეთისგან არის ნაკარნახევი. ჩვენ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს და ამ დოკუმენტით ვიმოქმედებთ. როდესაც ასეთი დრო დადგება, იქნება რეალური შედეგი. ახლა კი, საუბარი იმაზე, რომ საჭირო არ არის დიალოგი, სისულელეა. მე ვერ წარმომიდგენია, ამას როგორ ამბობენ ჭკვიანი ადამიანები“,- განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, ქვეყნები მოლაპარაკებებს მართავენ სხვადასხვა დონეზე აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ. ამის მაგალითად, მან 1997 წელს ვლადისლავ არძინბასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ხელმოწერილი შეთანხმება მოიყვანა ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის შესახებ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აფხაზური მხარე გაკვირვებულია პირდაპირი დიალოგის დასაწყებად საქართველოს ხელისუფლების მოულოდნელი მზადყოფნის შესახებ ინფორმაციით.

მსგავსი თემები