“შეგვიძლია, ვეტ-ექიმები გავაგზავნოთ, თუ საჭიროება დადგება” – ზურაბ გურიელიძე ავსტრალიის ხანძარზე

თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, საქართველოს ზოოპარკს, ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაზარალებული ცხოველების შეფარება შეუძლია, თუმცა ამისი აუცილებლობა  დღეს არ დგას.

როგორც ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ავსტრალიაში ხანძრის შედეგად დაღუპული ცხოველების აღდგენის პროცესში, მსოფლიოს მასშტაბით ყველა ზოოპარკი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა საქართველოს მხოლოდ 3 სახეობის ავსტრალიური კენგურო ჰყავს, რომელიც ღია ლანდშაფტის ბინადარია და ხანძრის ადგილას ისინი არ იმყოფებიან.

„საჭიროება დადგება თუ არა, ცხოველების აღდგენის პროცესში საქართველომ მიიღოს მონაწილეობა ვერ გეტყვით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახეობის რაოდენობა კატასტროფულად ეცემა, მსოფლიოს ყველა ზოოპარკი ჩაერთვება პროცესში. ზოოპარკები, რომლებსაც შესაბამისი სახეობები ჰყავთ, აქტიურად ჩაერთვებიან ამ საქმეში და მოხდება ამ ინდივიდების ჩაყვანა სამშობლოში, შემდეგ კი აღდგენა.

ჩვენ ავსტრალიური სახეობებიდან გვყავს მხოლოდ 3 სახეობა: წითელი გიგანტური კენგურო, კენგურო ბენეტა და ემუ. არცერთ ამ სახეობას ჯერჯეორბით საფრთხე არ ემუქრება. დიდი გიგანტური კენგურო საერთოდ არ ბინადრობს იმ ადგილებში, სადაც ხანძარია. ასე რომ, ამ ცხოველს ხანძარი არ ეხება,“ – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“

როგორც ზურაბ გურიელიძემ აღნიშნა, ავსტრალიიდან ცხოველების ტრანსპორტირება რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, საქართველოს ზოოპარკს შეუძლია  ვეტ-ექიმები გაგზავნოს დასახმარებლად.

„ტრანსპორტირება ავსტრალიიდან საქართველოში დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, ავსტრალიას ცხოველების შეფარების მხრივ  პრობლემები არ შეექმნება. დაზარალებული ცხოველების შეფარება შეგვიძლია, თუმცა ავსტრალიის კანონები ცხოველთა ექსპორტის შესახებ მკაცრია. პრაქტიკულად, ავსტრალიიდან ცხოველის გამოყვანა შეუძლებელია, თუ განსაკუთრებული მსოფლიო ღირებულება არ აქვს. ავსტრალია ძალიან განვითარებულია ზოოპარკების მხრივ. მათ აქვთ უზარმაზარი სიდნეის, ტარონგას ზოოპარკი, სადაც დიდი რაოდენობით ცხოველები ჰყავთ.

შეგვიძლია, ჩვენი ვეტ-ექიმები გავაგზავნოთ, თუ ამის საჭიროება დადგება. თუმცა, მსგავსი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს.  კატასტროფული სიტუაციის შემთხვევაში, როგორც წესი,  „ზოოპარკების ასოციაცია“ და „ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ დახმარებაა საჭირო და ყველანი ვერთიანდებით,“ – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები