“მათ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე” – მინისტრი ოპოზიციაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოპოზიციას დამარცხება გარანტირებული აქვს და ამიტომ, მათ სხვა გზა არ რჩებათ, ძალადობრივი სცენარის მიღმა. ეს განცხადება მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც თურნავამ განმარტა, ამ ყველაფერს, როგორც კვლევები, ისე მოსახლეობის განწყობაც ადასტურებს.

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას. ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამის რწმენის საფუძველს არა მხოლოდ კვლევები გვაძლევს, არამედ ყოველდღიური შეხება მოსახლეობასთან. ჩვენ მუდმივად დავდივართ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ვხედავთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს.  ხედავს, ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებულები ვართ, რომ ნდობის მანდატს მოგვანიჭებს“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია განწირულია.

„რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მათ, პრაქტიკულად, სხვა არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე“ – განმარტა მან.  

მსგავსი თემები