ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა, რომელიც იმ დროს ეზოში თამაშობდა

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. აფეთქების დროს ბავშვი კარიერიდან დაახლოებით 100 მეტრში, სახლის ეზოში იყო, როდესაც ქვა დაეცა. გარდაცვლილი ბავშვის ახლობლები საქმის დროულად გამოძიებას და კარიერზე სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქებას ძლიერი ბიძგები მოჰყვა და საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა.

როგორც დაღუპული ბავშვის ახლობლები აცხადებენ, უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ არ იყო დაცული. მართალია მათ წინასწარიცოდნენ, რომ აფეთქებები უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ის დროზე ადრე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  სოფელ დოლოგანში (სოფ.ჭინკაძეები) ქვის მოპოვების სამუშაოებს შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ ახორციელებდა.ქვა-ღორღის მოპოვების სამუშაოების დროს აფეთქებითი მეთოდი გამოიყენეს,

„სამუშაოების განმახორციელებელი პირი ვალდებული იყო სამუშაოები ეწარმოებინა შესაბამისი ბურღვა-აფეთქებითი ნებართვის საფუძველზე“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა არ აკონკრეტებენ, ჰქონდა თუ არა კერძო კომპანიას აღნიშნული ნებართავა.

მათივე ინფორმაციით, კომპანია „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორები ნიდერლანდების მოქალაქეები ედვარდ და ალლარდ სტრუიკები არიან. კომპანია 2016 წელს შეიქმნა.

მსგავსი თემები