მოსახლეობის კლების არსებული დინამიკა ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, სხვადსხვა დროს მოსახლეობის აღწერის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მეტად უფრო მნიშვნელოვანი არა 2002 წლის აღწერის შედეგები, არამედ, 1992 წლის და დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებია, რის მიხედვითაც მოსახლეობის სერიოზული კლება ფიქსირდება:

„საქსტატის მონაცემების გამოქვეყნებას სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა როგორც დღევანდელი, ასევე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ძირითადად კამათი მიდის ერთ საკითხზე, იყო თუ არა ზუსტი 2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგები. რეალურად, ქვეყნისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა მონაცემები გვქონდა 1990-იან წლებში, სანამ მოსახლეობის კლება დაიწყებოდა და რა გვაქვს დღეს. თუკი სტატისტიკის მონაცემებს გადავხედავთ, სახეზე გვაქვს მოსახლეობის რაოდენობის კლების დინამიკა, რაც ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მაღალი სიზუსტით ჩატარდა 1989 წელს, რის მიხედვითაც იმ დროისთვის საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 5.4 მილიონს. მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გაგრძელდა 1992 წლამდე და თითქმის 5,5 მილიონს მიაღწია. 1993 წლიდან უკვე იწყება მოსახლეობის კლება და ბოლო აღწერის შედეგად  მივიღეთ 3,7 მილიონი.  90-იანი წლებიდან დღემდე მოსახლეობის ზრდა რომ ისეთივე დინამიკით გაგრძელებულიყო, რაც მანამდე იყო, დღეს ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა 6.6 მილიონს გადააჭარბებდა.

ამიტომ კამათი იმის შესახებ, თუ რომელ დროს უფრო მეტი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და როგორი იყო შობადობის მაჩვენებლები, უადგილოდ მეჩვენება. ფაქტია, 90-იანი წლებიდან დღემდე არც ერთ ხელისუფლებას არ უზრუნია ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩვენ 5 წლის წინ დავიწყეთ ამ მძიმე კრიზისიდან გამოსვლაზე ზრუნვა და დღეს კიდევ უფრო მაღალ რანგში აგვყავს სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა.

ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ერთი მიზანი უნდა ამოძრავებდეს – საქართველოს ფიზიკური უწყვეტობა და ჩვენი მრავალეროვანი გენოფონდის გადარჩენა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები