საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის 3 კანდიდატს დღეს დაასახელებს

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის მსურველებთან გასაუბრება დაასრულა. შერჩეულ სამ კანდიდატს საბჭო დღეს დაასახელებს. დიდი ალბათობით, სამეულში ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოხვდება.  

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, კენჭისყრა დღეს, 14:00 საათზე ჩატარდება. „2020 წლის 5 თებერვალს, საპროკურორო საბჭო, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად,  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ  პირს გელა ჩივაძეს გაესაუბრა, რომელმაც საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის განვითარების  თავისი  ხედვა გაუზიარა და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა. საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაასრულა“, – ვკითხულობთ მთავარი პროკურატურის მხრიდან „მედიაცენტრ მთავარისთვის“ გაგზავნილ ინფორმაციაში.   

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის, კენჭისყრის პროცედურა ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა: „2020 წლის 6 თებერვალს,  14 :00 საათზე  საპროკურორო საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას და სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეარჩევს საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს. 
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი  საპროკურორო საბჭოს  ფეისბუქ გვერდზე   ,,ლაივ სტრიმით“ გადაიცემა“. 

მსგავსი თემები