რა ელის ქუჩებს, რომელთა მოასფალტება ვერ ხერხდება? – თბილისის მერის პასუხი მოქალაქეებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქუჩები, რომელთა მოასფალტება, გარკვეულ მიზეზთა გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ისეთ დონეზე მაინც უნდა მოწესრიგდეს, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ, – ამის შესახებ კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლდანის რაიონში, გიორგი ბაბილოძის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვს.

როგორც გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ განმარტა, აღნიშნულ ქუჩაზე ამ ეტაპზე წყალარინების სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ასფალტის საფარს დააგებენ.  

“სადაც გვაქვს ისეთი ქუჩები, რომ ვერ ვახერხებთ მოასფალტებას გარკვეული პრობლემების გამო. მაგალითად, GWP  ვერ შედის და ყველაფერს ერთად ვერ წვდება, ასეთი ქუჩები მოვაწესრიგოთ ისე, რომ ადამიანებს ელემენტარულად გადაადგილება შეეძლოთ. არ ვგულისხმობ, რომ აუცილებელია მოასფალტება, რადგან ხვალ-ზეგ, შესაძლოა, ისევ გადათხრა მოგვიწიოს, მაგრამ ისეთ დონეზე მივიყვანოთ და ისე მოვაწესრიგოთ, რომ ადამიანებს ტალახიან გზაზე აღარ უწევდეთ გადაადგილება”, – განაცხადა კახაკალაძემ და დასძინა, რომ თუ გზის მოასფალტება ამ ეტაპზე არ ხერხდება, მოიხრეშოს მაინც.

კალაძის თქმით, ამ სამუშაოების ჩატარებას გამგეობა მხოლოდ საკუთარი ძალებით თუ ვერ ახერხებს, შეუძლია, დახმარებისთვის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს მიმართოს.

მსგავსი თემები