მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში შეიცვალა წყლისა და წყალარინების ქსელები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ახალი ბორდიური და ტროტუარი, ხოლო ასფალტის საფარი 17 000 კვ. მეტრ ფართობზე დაიგო.

​​დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მისი შეფასებით, დუმბაძის გამზირზე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. დარჩენილია გზაგამყოფები, რომლებიც ერთ კვირაში მოწესრიგდება. მოეწყობა ახალი გამწვანება, თავისი სარწყავი სისტემით. ასევე, ორი კვირის შემდეგ განხორციელდება გზის დახაზვითი სამუშაოები, რადგან შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად, გარკვეული დროის გასვლა აუცილებელია.

“ყველგან, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ, ყველაფერი ძირეულად იცვლება, რათა სამომავლოდ, მოსახლეობას პრობლემები არ შეუქმნას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით,1 400 000 ლარი დაიხარჯა, შპს „ენ სი სიმ“ აწარმოა.

დუმბაძის გამზირზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ქეთევან ჯოხაძე იმყოფებოდნენ.

მსგავსი თემები