საბოლოო სია, ვისაც დავალიანების განულება შეეხება, 3 დეკემბერს გახდება ცნობილი

ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად, ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებების საბოლოო სიების დაზუსტება მიმდინარე წლის 3 დეკემბერს დასრულდება. იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად ვის შეეხება დავალიანების განულება, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ კომერციულ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის გარიგება ერთჯერადი ხასიათისაა და “მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს დავალიანების მოცულობას სამომხმარებლო სექტორში”.

“საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. პორტფელი ძირითადად იმ მცირემოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:

2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით უწყვეტად ვადაგადაცილებულია; საკრედიტო ვალდებულების ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს; არ არის უზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილია თავდებობით ან მოძრავი ქონებით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი პირების ბაზაში რეგისტრირებულ მოვალეთა შემთხვევაში, საქმე ეხება იმ საკრედიტო ვალდებულებებს, რომელთა ნარჩენი ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს, ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრამდე.

საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებების საბოლოო სიების განსაზღვრა მიმდინარეობს და დასრულდება 2018 წლის 3 დეკემბერს.

კომერციულ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის გარიგება ერთჯერად ხასიათს ატარებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს დავალიანების მოცულობას სამომხმარებლო სექტორში. ამასთან, საფინანსო სექტორი მოუწოდებს მომხმარებლებს ფინანსური ვალდებულების აღებისას პასუხისმგებლობით მოეკიდონ კრედიტის მომსახურების პირობების შესრულებას“, – ნათქვამია საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები