სმიტების ოჯახის მკვლელობაში 7 ადამიანი მონაწილეობდა – გახმაურებული საქმის ახალი დეტალები

​ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და საზარელი მკვლელობა, რომლის დროსაც ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი ბავშვი მოკლეს, ერთმა ადამიანმა კი არა, ადამიანების ჯგუფმა, დაახლოებით 7 პირმა ჩაიდინა, რომელთა ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

კობაურის ადვოკატები უნდობლობას უცხადებენ მკვლელობის საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებს და უახლოეს დღეებში საგამოძიებო ექსპერტიზის, მალხაზ კობაურის მონაწილეობით ჩატარებას გეგმავენ. კერძოდ, სად აიყვანეს 19 წლის მწყემსი სამართალდამცველებმა, რა მდგომარეობაში, როგორ ანახა მან გვამების ადგილსამყოფელი გამოძიებას, იყო მის მიმართ ზემოქმედების მცდელობა თუ არა და ა.შ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, უნდა დასრულდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზა, კერძოდ, შემოწმდება ხეობაში არსებული ყველა სატელეფონო ანძა და დადგინდება რა ტელეფონის ნომრები გადაადგილდებოდნენ დანაშაულის ჩადენის დროს აღნიშნულ ტერიტორიაზე.

“ერთი ადამიანი ასეთ ფაქტს რომ ვერ ჩაიდენდა, ეს დადასტურდება კიდეც, როდესაც მტკიცებულებების დეტალურად გამოკვლევა დასრულდება. მალხაზ კობაური არის სრულებით ჯანმრთელი და შერაცხადი. ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანი ვერ ჩაიდენდა ასეთ დანაშაულს და გვამებს 1,5 კმ-ის დაშორებით მარტო ვერ გადამალავდა ისე, რომ ერთი სამხილიც არ დაეტოვებინა. სამწუხაროდ სასამართლო კალთას აფარებს პროკურატურას, როცა საქმეს ხურავს. არც ერთი სამხილი არ არსებობს კობაურის წინააღდეგ და იმედია, ძალიან მალე გაეცემა სამართლებრივი პასუხები იმ კითხვებს, რასაც საზოგადოება ელოდება.

​ბრალდების მხარეს დასაბუთებული ბრალდების სტანდარტი ხელოვნურად აქვთ შექმნილი, თუმცა, მათ არ აქვთ მტკიცებულებები, რომელიც ნეიტრალურ მხარეს კობაურის ბრალეულობაში დაარწმუნებდა”, – მიაჩნია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს.

​მისივე ინფორმაციით, არსებობს მკვლელობის მეორე ვერსია, თითქოს დანაშაული ორმა პირმა ჩაიდინა. ხოლო, თავად ბრალდებული ამბობს, რომ იყო რამდენიმე პირი.

“კობაური გამოძიებას ეუბნებოდა გვამების აქ არის, მოკლეს და მიხედეთო, იმას კი არ ამბობდა, მე მოვკალიო. ბრალდებამ ეს ყველაფერი ამოატრიალა და გამოკვეთა პოტენციური დამნაშავე. რატომ დატოვეს ოქროს მოწმედ კობაური? ვისაც მსგავსი დანაშაულის ჩადენის გამოცდილება აქვს, ძალიან კარგად იციან, რომ ისეთ ადამიანს უნდა შეაწმინდონ ხელი, რომელიც იქნებოდა პოტენციური მკვლელი. დანაშაულის რეალურ ჩამდენებს ერჩივნათ ეს საქმე აუცილებლად გახსნილიყო იმ ფორმით, რა ფორმითაც მიმდინარეობს ახლა გამოძიება. მკვლელობის მოტივი ჩვენთვის უცნობია, შელაპარაკება ნაკლებ სავარაუდოა. მით უმეტეს, თუ კობაური ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა”, – აცხადებს ადვოკატი.

მსგავსი თემები