მივდივარ, სანამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყოლია სამართლიანობა – ეკა ბესელია

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე უმრავლესობას ტოვებს და აცხადებს, რომ არსებობს რეალური საშიშროება, რომ სასამართლო ხელისუფლება “ავბედით კოჰაბიტაციას” გადაყვეს.

ეკა ბესელია მმართველ გუნდში არსებულ კრიზისზე საუბრობს და უშედეგოს უწოდებს მის მცდელობას, “ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებისგან გათავისუფლებულიყო. 

“მივდივარ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, სადაც ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, ყოველი მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის, ყველაზე ღირებული – სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა. ჩვენ ყველას ერთად, უმრავლესობას, თუ უმრავლესობის შიგნით უმცირესობას, სრულიად საქართველოსთან ერთად, 2012 წლის პირველი ოქტომბერი გვყავს ბოლომდე მისაყვანი. ბოლომდე უნდა განვახორციელოთ ის იდეალები, რამაც 1-ლი ოქტომბერი მოიტანა. ან ადგილიდან უნდა დავძრათ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. 

იგი მმართველი გუნდიდან წასვლის ​რამდენიმე მიზეზს შორის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას და პარლამენტში გუშინ, მისი რეზოლუციის ჩაგდებას ასახელებს. “ჩემი წასვლის მიზეზი არის, სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა, იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევისა და კიდევ ერთხელ იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების შესახებ რეზოლუციის ჩაგდება”.

ეკა ბესელია პოლიტიკურ უმწიფრობად აფასებს პარლამენტის იმ დეპუტატების გადაწყვეტილებას, რომელმაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს და ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვა ვერ გაბედეს.

“ჩვენ ეს შეფასება 2016 წელს გავაკეთეთ, უფრო ადრეც გავაკეთეთ, 2012 წელიც ამ სახელის დარქმევა იყო, მაგრამ “ქართული ოცნება” პირველი ოქტომბრის იდეალებს ასცდა. დღეს ჩვენ ღირებულებათა სხვაობა გვაქვს. ჩემი ყველა მცდელობა, ბოლო 2 წლის განმავლობაში რაც კი მქონია, გუნდის შიგნით შეცვლილიყო ვითარება, გავთავისუფლებულიყავით “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებისგან, რომელმაც შემოაღწია “ოცნებაში” და საკმაოდ დიდი დოზით, ვერ გამოიღო შედეგი”, – აცხადებს ეკა ბესელია. 

მისივე თქმით, თავის დროზე როცა ის პოლიტიკაში წავიდა მთავარი მიზეზი იყო სამართლიანობა და სასამართლოს არარსებობა. მიაჩნია, რომ ეს ბრძოლა არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება.

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, უშედეგო გამოდგა მისი მცდელობა, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრები დაერწმუნებინა იმაში, რომ ხალხისთვის ეკითხათ, უჭერდნენ თუ არა ისინი მხარს მოსამართლეების უვადოდ გამწესებას, “იმ მოსამართლეების, რომლებიც იყვნენ სისასტიკის და არაადამიანული მოპყრობის მთავარი შემოქმედნი”, – აცხადებს იგი.

ეკა ბესელიას აზრით, საკონსტიტუციო ცვლილება უკვე დანიშნულ მოსამართლეებსაც უნდა შეეხოთ და იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს. 

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები