ილია მეორე: პრემიერ-მინისტრი დამპირდა, რომ სკოლებში გალობას და ხალხურ სიმღერას შეიტანს

საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის პრეზენტაცია გაიმართა. 
ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მღვდელმთავრები, ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანთოლოგია ,,ქართული გალობა” მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას.

აღნიშნული გამოცემა უდიდესი მნიშვნელობისაა და ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლისთავს.  

„მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე ვთხოვე მას, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა“, – განაცხადა უწმინდესმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომელიც აღნიშნული საგანძურის შენარჩუნებას, დაცვას და ამავე დროს ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას გულისხმობს“.

მრავალტომეული მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ფონდი ,,ქართული გალობის”, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის (ხელმძღვანელი: გიორგი დონაძე), ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, სვიმონ ჯანგულაშვილმა და ლევან ვეშაპიძემ მოამზადა.  

მსგავსი თემები