“ენმ და “ოცნება” ქვეყანას მიაქანებენ კრიზისში” – ვახტანგ მეგრელიშვილი

ოპოზიციას საპარლამენტო მანდატები, სავარაუდოდ, 2 თებერვალს შეუწყდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება და 51 დეპუტატი საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. რიგგარეშე სესია 2 დღეშია ჩანიშნული, თუმცა პარლამენტი ამ საკითხს 27 იანვარს კენჭისყრაზე არ დააყენებს. უმრავლესობის განცხადებით, მიმდინარე კვირას საკითხი საპროცედურო კომიტეტზე გავა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან შეფასებები გრძელდება. “გირჩის” წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთობლივად ქმნიან პოლიტიკურ კრიზისს და მისი მეგრელიშვილის თქმით, რევოლუციურ სცენარზე “გირჩი” პასუხისმგებლობას არ აიღებს.

“ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას ერთობლივად მიაქანებენ ისეთ კრიზისში, რომლის განმუხტვა შესაძლებელი იქნება მართლა რევოლუციით. ეს რევოლუცია როგორი იქნება – მშვიდობიანი თუ სისხლიანი, ამის ახლა თქმა, უბრალოდ, არის შეუძლებელი. ამიტომ, მოვემზადოთ იმ არაპროგნოზირებადი სცენარისთვის, რომელსაც საკუთარ თავს თვითონ ვუკეთებთ, ოღონდ ამაში “გირჩს” არ უნდა არანაირი პასუხისმგებლობის აღება,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მსგავსი თემები