“ივანიშვილი თავისი პროკურორებიანად წავა დასასვენებლად, ამას მე შევასრულებ” – მამუკა ხაზარაძე

“ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურორებიანად წავა დასასვენებლად და ამას მე შევასრულებ მეგობრებთან ერთად”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლებმა ვერ ახსნეს, რა გზით მოხდა ფულის გათეთრება.

„ვერანაირად ახსნეს, სად მოხდა ფულის გათეთრება. როცა საბანკო ოპერაციები ხორციელდება, მაშინ პასუხისმგებლობით ვამბობ, რასაც ისინი ამტკიცებენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გადარიცხვა, კონვერტაცია, საკრედიტო ხელშეკრულებები უნდა აიკრძალოს და დაიხუროს საფინანსო ოპერაციები. რასაც ამტკიცებენ აბსურდის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ ასეთ სისტემაში ვართ. დაგპირდით ყველას, რომ ამ სისტემას აუცილებლად შევცვლი ერთ წელიწადში, ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურორებიანად წავა დასასვენებლად და ამას მე შევასრულებ მეგობრებთან ერთად”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, ის სასამართლოდან მძიმე შთაბეჭდილებებით გამოვიდა.

„გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში და სასამართლოში ხდება აბსოლუტური უკანონობა, დავინახე კიდევ ერთი რამ – ეს არის პროკურორების უცოდინრობა, გაუნათლებლობა. ძალიან დავფიქრდი იმ მდგომარეობაზე, თუ ასეთი განათლების დონე გვაქვს, ასეთ სპეციალისტებს უშვებენ (ყველაზე არ მაქვს საუბარი) ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები და საგანმანათლებლო სისტემა, კიდევ უფრო მეტად შემეშინდა ჩვენი მომავლის, აქ აღარ გვაქვს საუბარი უსამართლობაზე, დავალების შესრულებაზე, აქ გვაქვს ელემენტარული არცოდნა ტერმინების და ისეთი რაღაცების, რაც უნდა იცოდეს მეხუთე, მეშვიდე, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა. ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით გამოვედი ამის გამო. ქვეყანა არის გადასარჩენი –  განათლება, განათლება და განათლება, ზოგადი და კონკრეტულად სპეციალიზაციას რაც შეეხება”,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.

მსგავსი თემები