“თქვენი სისხლის ყივილი მუდამ თან გაყვება ყველას” – ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისის ცენტრში, სკოლის მოსწავლეები, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“ორი წელი გავიდა მამი იმ ავბედითი დღიდან, რაც უკანასკნელად გნახე შენს ლოგინში და უკანასკნელად გაგიშვი სკოლაში, რომელი სკოლაც უსაზღვროდ გიყვარდა. რა გითხრა მამი არ ვიცი. ვფიქრობდი, რომ კაცად გზრდიდით, მაგრამ კაცებზე მაღლა მდგარხარ! ერთი დღე ებრძოლე შენს თავს მამი, წასულიყავი იმ ძმასთან ერთად, რომელმაც უანგაროდ დალია სული ძმებისთვის, თუ? დარჩენილიყავი იქ, სადაც თურმე ძმები, რომლებიც ძმები გეგონათ ორივეს, სამწუხაროდ ყველა არ აღმოჩნდა ისეთი. მალადეც მამი!
სწორი არჩევანი გააკეთე!

ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. 2017 წლის 1დეკემბერს დაახლოებით 14 საათზე სადისტურად იქნა მოკლული მათივე თანატოლების მიერ. ლევან, დათო, მალადეც ბიჭებო, თქვენ დაანახეთ ქვეყანას ღალატი და თქვენ აუხილეთ თვალი ყველა იმ ქართველს, ვისაც სიმართლე სწყურია. თქვენ ახადეთ ფარდა სიცრუეს და ორპირობას, თქვენ გაყავით ბოროტი და კეთილი, თქვენი სისხლის ყივილი მუდამ თან გაყვება ყველას, ვინც თქვენს წინაშე იტყუება, ისინი უფლის წინაშე იტყუებიან. თქვენ როგორც გეკადრებათ, ზუსტად ისე დასრულდება ყველაფერი. თქვენ სულს ვენაცვალე ბიჭებო”, – წერს ზაზა სარალიძე.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ლევან დადუნაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანაში პირველ დეკემბერს, ხოლო დავით სარალიძე კლინიკაში 2 დეკემბერს.

მომხდარის შემდეგ სამი პირი დააკავეს, აქიდან ორი უკვე მსჯავრდებულია. პარალელურად,  გამოძიება დაიწყო დანაშაულის დაფარვის საქმეზე, სადაც 6 პირი იყო დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი მირზა სუბელიანი, ამ ეტაპზე ექვსივე გათავისუფლებულია.

მსგავსი თემები