თბილისის ახალ გენგეგმაში დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები – დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა 

ხანგრძლივი დისკუსიის და პროფესიული განხილვების შედეგად, დედაქალაქის მერიამ და ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი – საქართველომ” დაასრულეს მუშაობა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. დოკუმენტში შევიდა ცვლილებები და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები;  შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დოკუმენტში დატანილია გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები;

​როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ახალი დოკუმენტი პასუხობს ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევას. უზრუნველყოფილია შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. კერძოდ, მითითებულია, რომ გადაწყვეტილებები მაქსიმალური ყურადღებით ჩატარებული კვლევების შედეგად უნდა მიიღებოდეს. ეს არეალებია – ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა.

მისივე ინფორმაციით, წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო-გეგმა (მაგალითად: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვადა ა.შ.).

შენარჩუნებულია დოკუმენტის უმთავრესი ხაზი – მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია, რაც კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ თავიდანვე დადებითად შეაფასა. ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

​თბილისის მერიას გენგეგმის ჯგუფთან შენიშვნები ჰქონდა სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე, გათვალისწინებულია.

“გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან მიმართებაში ყოველთვის იყო დადებითი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტით. ჩვენ არა ერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არა ერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არა ერთხელ იყო განხილვის საგანი”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანელ სხდომაზე.

მისივე თქმით, ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ გენგეგმის მიღება ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტს დედაქალაქის ყველა პრობლემას. ამ ეტაპისთვის „სითი ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით მიღწეული შედეგი მერიისთვის მისაღებია. ამ გენერალურმა გეგმამ მაქსიმალურად მიიღო ისეთი სახე, რომ მიახლოებულია სპეციალისტების, მოსახლეობის ინტერესებთან და მორგებულია რეალობას.

“ათეული წლებია, თბილისის განაშენიანების პროცესი გვქონდა მიშვებული და დღეს დედაქალაქში მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს. წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შემდგომი პროცედურებისთვის გადაეცემა საკრებულოს,  არის ის კარკასი და საბაზისო მოცემულობა, რომელიც ჩვენც და თბილისის მომავალ მთავრობებს მისცემს რეალურ საშუალებას დედაქალაქის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესი წარმატებით მიმართოს სრულყოფილი, თანამედროვე ქალაქის ფორმირებისკენ“, – აცხადებს თბილისის მერი.

დოკუმენტი შემდგომი განხილვებისთვის​ დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება.

მსგავსი თემები