ექსკლუზივი: „ამ მოწმობის მიხედვით, ისინი ბაგრატიონები არ უნდა იყვნენ“ – ბაგრატიონების სკანდალი

სამეფო ოჯახის სკანდალი გრძელდება. „მედიაცენტრ მთავარს“ ის დოკუმენტი მიაწოდეს, სადაც საუბარია, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკები ბაგრატიონები არ უნდა იყვნენ. რას ნიშნავს „ელაზნაურის ტრაქტატი“, სადაც მეფე სოლომონი ტახტის მემკვიდრეს ასახელებს; ვინ არიან “იმერეტინსკები”; რა დაუმალეს მეფე სოლომონის ნამდვილ მემკვიდრეებს; ვინ აყალბებდა ისტორიას; რატომ მალავდნენ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის მამის დაბადების მოწმობას?! – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმერეთის ბაგრატიონების მკვლევარი მანანა ხომერიკი საუბრობს.

მანანა ხომერიკი: მე ქართლ-კახეთის წარმომადგენელი ბაგრატიონების მკვლევარი არ ვარ. 2012 წელს, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, გამოვეცი მონოგრაფია „იმერეთის სამეფოს გაუქმება, 1819-1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები”. ვარ იმერეთის და იმერეთის ბაგრატიონების მკვლევარი. ამ თემის არჩევანი განაპირობა იმან, რომ იმერეთის სამეფოს ისტორია ძალიან კარგად იყო შესწავლილი, მაგრამ სამეფოს დაშლის შემდეგომი პერიოდი, მე19 საუკუნეში წარმოქმნილი სხვადასხვა შტოები, სამეცნიერო ლიტერატურაშიც კი ხშირად აღრეული იყო.

„მედიაცენტრი მთავარი”: და მაინც, საიდან იწყება გაუგებრობა თუ აღრევა – ვინ ვინ არის, ვინ არის ნამდვილი სამეფო ოჯახი?

მანანა ხომერიკი

მანანა ხომერიკი: 2006 წელს ბაგრატოვანთა სახლმა შეიმუშავა ბაგრატიონთა სახლის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს არა მხოლოდ ბაგრატიონებმა, არამედ ძალიან პატივსაცემმა ადამიანებმა. სწორედ ამ მემორანდუნშია არეული შტოები, რომელიც მე შევისწავლე. ამას კი უშუალო კავშირი აქვს გრუზინსკების ოჯახთან, რის გამოც დამიპირისპირდნენ.

„მედიაცენტრი მთავარი”: როგორც მკვლევარმა, რა გამოიკვლიეთ ასეთი მნიშვნელოვანი და მტკივნეული, როს გამოც ბაგრატიონ-გრუზინსკები დაგიპირისპირდნენ?

მანანა ხომერიკი: მე მათ არ ვუპირისპირდებოდი. პირიქით, გრუზინსკების ოჯახი დამიპირისპირდა. მიზეზი კი შემდეგია: დადგა საკითხი „ბაგრატოვანთა სახლის“ წინაშე, რომ გამოვლენილიყო ერთიანი საქართველოს ტახტის მემკვიდრე. მოგეხსენებათ, რომ საბოლოოდ, ჩვენ გვქონდა ორი სამეფო ქართლ-კახეთისა და იმერეთის. ანუ ერთიანი ტახტის მემკვიდრე არ გვყოლია. იყო სხვადასხვა გეგმები, ჩვენი საუკეთესო მამულიშვილები ფიქრობდნ იმაზე, რომ მომხდარიყო გაერთიანება, მაგრამ ეს არ მოხერხდა. მე თავიდან არ შემიტანია ეჭვი ნუგზარის წარმომავლობაში. ნუგზარი ითვლებოდა გიორგი მე-12-ის შთამომავლად, ამიტომ რა პრეტენზია უნდა მქონოდა ამ ადამიანის მიმართ. მთავარი არის მემორანდუმი, რომელიც ზემოთ ვახსენე. ეს მემორანდუმი ისეა შედგენილი, რომ მასში ბევრი შეცდომაა, როგორც ისტორიული, ასევე იურიდიული. მე უბრალოდ გამოვთქვი მოსაზრება, რომ ეს დარღვევები გამოსწორებულიყო.

„მედიაცენტრი მთავარი”: რა დარღვევაზეა საუბარი?

მანანა ხომერიკი: იმისათვის, რომ ნუგზარი ყოფილიყო ერთიანი სამეფოს ტახტის მემკვიდრე, იმერეთის მხარეს უნდა განეცხადებინა თანხმობა. მე ამაში არაფერს ცუდს არ ვხედავ, მაგრამ თანხმობა უნდა განეცხადებინა იმერეთის ტახტის მემკვიდრეს და არა ისეთ პიროვნებას, ვისაც ეს საკითხი არ ეხებოდა. მემორანდუმის შემდგენლებს უნდა გაეთვალისწინებინათ სოლომონ მეორის ნება- სურვილი. მოგეხსენებათ, რომ სოლომონ მეორეს არ დარჩენია შვილი, არც ვაჟი და არც ქალი. 1804 წელს დაიდო „ელაზნაურის ტრაქტატი“. შეიძლება არც იცოდეთ ამ ხელშეკრულების შესახებ. გეორგიევსკის ტრაქტატი ყველამ იცით, რომელიც ქართლ-კახეთმა დადო რუსეთთან და არა მთელმა საქართველომ. იმერეთში კი 1804 წელს დაიდო “ელაზნაურის ტრაქტატი“. ტრაქტატის მეორე პუნქტში მეფე სოლომონმა განაცხადა, რომ თუ ღმერთი არ ინებებდა და არ მისცემდა მამრობითი სქესის შვილს, იმ შემთხვევაში, მისი მემკვიდრე კონსტანტინე ბატონიშვილი და მისი შთამომავლები იქნებოდნენ. ამ დროს ქალებს აღარ გადაეცემოდათ ტახტი. კოსტანტინე ბატონიშვილი იყო სოლომონის წინამორედი მეფის, დავით მეორის ვაჟი. როცა 1810 წელს, სოლომონი ჩამოაგდეს ტახტიდან, კონსტანტინე რუსეთში გადაასახლეს. ამ შტოს “იმერეტინსკები” ეწოდათ. რუსეთშივე აღმოჩნდნენ სოლომონ პირველის შვილიშვილი „გიორი ბუში“ და მისი შთამომავლები, რომლებიც იმპერატორის ბრძანებით „ბარატიონ-იმერეტინსკების“ გვარს ატარებდნენ. რუსეთმა სიტყვა „ტახტის მემკვიდრე“ ამოიღო ხმარებიდან. გრუზინსკებს, იმერეტინსკებს და ბაგრატიონ-იმერეტინსკებს უგანათლებულესი თავადობა აკმარეს.

“მედიაცენტრი მთავარი”: კონსტატინეს შთამომავლები, ვინც ტახტის მემკვიდრეებად მოაიაზრებოდნენ, სად ცხოვრობდნენ?

მანანა ხომერიკი: კონსტანტინეს შთამომავლები, ვინც ტახტის მემკვიდრედ მოიაზრებოდნენ, ცხოვრობდნენ ინგლისში. ბოლო მამაკაცი 1978 წელს გარდაიცვალა. დარჩა 3 ქალბატონი და როგორც ვიცი, დარჩენილია ორი ქალბატონი, რომლებიც დღესაც ინგლისში ცხოვრობენ.

„მედიაცენტრი მთავარი“: საკმაოდ ისტორიული და სიღრმეში მიმავალი ისტორიაა. დავუბრუნდეთ მემორანდუმს, რა დაირღვა ამ მემორანდუმში, რის გამოსწორებასაც ითხოვდით?

მანანა ხომერიკი: როდესაც მემორანდუმი შეიქმნა, ამ ორ ქალბატონს, რომლებიც ინგლისში ცხოვრობენ, მის შესახებ არც აცნობეს. (ასევე არ აცნობეს მოსკოვში მცხოვრები გრუზინსკების ოჯახს, რასაც ქალბატონი ეკატერინე გრუზინსკაია წერილობით მიდასტურებს). მართალია, სოლომონ მეორის ზემოხსენებული სურვილის თანახმად, ქალი ტახტის მემკვიდრე ვერ იქნებოდა, რის გამოც 1978 წლიდან იმერეთის სამეფო სახლის მეთაურად უკვე ღვანკითში მცხოვრები შტო მოიაზრება, რომელიც მამრობითი ხაზით მოდის. მართალია, „ბაგრატოვანთა სახლი“ უკანონოდ, მათზე წინ ქალბატონი ნინო ბაგრატიონის შვილებს, მამით კახელ აზნაურ ჯაფარიძეებს აყენებს, მაგრამ მით უფრო აუცილებელი იყო “იმერეტინსკების” ჩაყენება საქმის კურსში. ეს ქალბატონები ჩაანაცვლეს ქალბატონი ნინო ბაგრატიონით. თუ ტახტის მემკვიდრედ ქალს მოიაზრებდნენ, მაშინ უპირატესი მემკვიდრე ხომ ინგლისში მცხოვრები უფროსი ქალბატონი უნდა ყოფილიყო და მას უნდა განეცხადებინა თანხმობა ნუგზარ ბაგრატიონისათვის. „ბაგრატოვანთა სახლი“ უფრო შორს წავიდა და ქალბატონ ნინო ბაგრატიონს თვითნებურად გვარი შეუცვალა: ბაგრატიონ-იმერეტინსკი უწოდა. დოკუმენტში არამარტო ხელმოწერა არ შეესაბამება მის გვარს, არამედ წერია, რომ ეს ქალბატონი აწერს ხელს „ბაგრატიონ-იმერეტინსკების“ სამეფო სახლის სახელით. ამ სამეფო სახლის შესახებ კი 1901 წლის მერე არაფერია ცნობილი, ანუ ამოწყდა. შეიძლება, რომ ამოწყვეტილი შტოს სახელით მოაწერო ხელი? თანაც, ყველაზე დიდი კურიოზი ის არის, რომ ტახტის მემკვიდრეები იმერეტინსკები იყვნენ და არა ბაგრატიონ-იმერეტინსკები.

„მედიაცენტრი მთავარი”: ანუ, რა გამოდის ბაგრატიონებმა ისტორია გააყალბეს?

მანანა ხომერიკი: დიახ, ასეა. ქალბატონი ნინოს მამა – დავით ბაგრატიონი, ყოველგვარი საბუთის გარეშე, იმერეთის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ გამოაცხადეს. გვარები არიეს-დარიეს. მათ ჰყავთ თავიანთი ისტორიკოსი იოსებ ბიჭიკაშვილი, რომელიც ყველაფერს ამას კადრულობს და მისი ხელით ხდება ეს ყველაფერი. მე არ ვყოფილვარ დაპირისპირებული ბ-ნ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისთან. მე ვთქვი, რომ ის მემორანდუმი არის ნულის ტოლი. ცნობაც კი ავიღე, რომ ქალბატონი ნინო ტექნიკურ უნივერსიტეტში მთელი ცხოვრება ბაგრატიონის გვარით მუშაობდა და ასე იღებდა ხელფასს. გარდაიცვალა 2009 წელს. ახლა, ამ ინტერვიუში ვერ ჩავტევ ყველა იმ შეცდომას, რაც ისტორიასაც ამახინჯებს და დოკუმენტს იურიდიულ ძალას აკარგვინებს. მე ამის შესახებ აკადემიის „მაცნეშიც“ მაქვს გამოქვეყნებული წერილი და ვაპირებ ბროშურის გამოქვეყნებას.

„მედიაცენტრი მთავარი“: ბაგრატიონების სამეფო ტახტის მემკვიდრეებში გვარი სიხარულიძე საინდან გაჩნდა? თქვენს კვლევებში რამეს მიაგენით?

მანანა ხომერიკი: ჩემი წვლილი, რაც მე შევიტანე ნუგზარის საქმეში, არის ის, რომ მამამისის დაბადების მოწმობა მოვიძიე. ის მალავდა თავისი მამის დაბადების მოწმობას. მე არავითარი უფლება მაქვს, ვთქვა, რა გვარის არიან ისინი. კი, მეც გამიგია, რომ ვითომ სიხარულიძეები არიან, მაგრამ მე ამას ვერ დავადასტურებ, რადგან დოკუმენტში ამის შესახებ, ცხადია, არაფერია ნათქვამი. ერთს ვიტყვი, რომ ამ მოწმობის მიხედვით, ისინი ბაგრატიონები არ უნდა იყვნენ.

„მედიაცენტრი მთავარი”: რა გვარები არიან რეალურად?

მანანა ხომერიკი: რა გვარები არიან, ეს თვითონ გამოიძიონ. ძალიან თავში აუვარდათ, ცდილობენ დაგამცირონ და აი შედეგიც: მათ ბაგრატიონობაში ეჭვი შემეპარა, წავედი რეესტრში და მოვიძიე ის დოკუმენტები, რასაც თითქმის მთელი საუკუნე მალავდნენ. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ნოე სიხარულიძის შთამომავლები არიან ეგენი. მოვიძიე ის, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკიმ თავის შვილად სცნო პირველი შვილი – კონსტანტინე. არსებობს საეკლესიო ჩანაწერი. კონსტანტინე შემდგომში, 1939 წელს, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მეორე ბავშვი 1920 წელს დაიბადა. ის პატრე ალექსანდრეს ძემ არ სცნო. 1922 წლის 4 თებერვალს მოხუცი თავადი გარდაიცვალა. 4 თვის შემდეგ, გარდაცვლილს ორი წლის ბავშვი, პატარა პეტრე მიაწერეს შვილად. მიცვალებული კი ცოცხლად გამოაცხადეს და ასაკიც მიუთითეს, მამა – 68 წლის, დედა -30 წლის. მოწმეებისთვის განკუთვნილი გრაფა ცარიელია. როდესაც მამა ცოცხალი არ არის, მაშინ ბავშვის დარეგისტრირება უკვე სასამართლოს ექვემდებარება. ისე, რომ ეს დაბადების მოწმობა კიდევ კარგ შესწავლას და განხილვას მოითხოვს. ეს რომ რიგით მოქალაქეს ეხებოდეს, მაშინ ამგვარი თემის წამოწევა უხერხული იქნებოდა, მაგრამ საქმე ეხება პიროვნებას, რომელიც 200 წლიანი წყვეტის შემდეგ, ტახტის მემკვიდრის სტატუსზე აცხადებს პრეტენზიას.

„მედიაცენტრი მთავარი”: თქვენ ითხოვთ ე.წ. ყალბი მემორანდუმის გაუქმებას. რა იცვლება ამით?

მანანა ხომერიკი: მე ვამხილე, რომ ის მემორანდუმი ყალბია და ექვემდებარება გაუქმებას. ბოლოს და ბოლოს, მოგვაქციოს სახელმწიფომ ყურადღება. რისთვის ვიბრძვი, მე ავალ ტახტზე? ამ დოკუმეტს ძალას ის სძენს, რომ სერიოზული მეცნიერები აწერენ ხელს. ჩემთვის კი ადვილი მისახვედრია, რომ მათ ნდობა გამოუცხადეს „ბაგრატოვანთა სახლს“ და არ შეამოწმეს მათ მიერ ხელმოსაწერად წარმოდგენილი დოკუმენტი, მაგრამ ჩემი „მიხვედრა“ არგუმენტად ვერ გამოდგება. საჭიროა კომისიის მიერ გამოტანილი კომპეტენტური დასკვნა. მე მოვითხოვ სერიოზული კომისიის შექმნას, რომ მივაწოდო მასალები და ვამხილო ის სიყალბეები, რაც ამ დოკუმენტშია შესული. ჩემი მოწინააღმდეგები ამ მემორანდუმს აფრიალებენ და ამით იცავენ თავს. ეს არის დიდი სირცხვილი. უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც ქართველი ისტორიკოსებისა და იურისტების გარდა, ჩართული იქნებიან უცხოელი სპეციალისტები. საუკუნის დოკუმენტი შეიქმნა. ის ასეთ სიყალბეებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. ასეთი უპატრონობა და ასეთი უწიგნურობა, დიდი სირცხვილია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მემორანდუმი სამარცხვინო დოკუმენტია, რომელიც სასწარაფოდ უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება დავით ბაგრატიონსა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის ატეხილ დავას, მე არ ვერევი. ორდენების საქმის შესახებ არაფერი ვიცი. ჩემი მონაწილეობა მხოლოდ იმით ამოიწურება, რომ რეესტრში წავედი და ნუგზარის მამის დაბადების საიდუმლო გამოვააშკარავე. არ შემიძლია იმის მტკიცება, თუ რა გვარისაა ბ-ნი ნუგზარი სინამდვილეში. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წლების მანძილზე ატყუებდნენ ქართველ ხალხს, თითქოსდა პეტრე გრუზინსკის დაბადების ჩანაწერი არ არსებობდა.

ესაუბრა ეკა გულუა

მსგავსი თემები