ეკა ბესელია: არ მოხდეს პროექტის დაწერა იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომლებსაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ

უმრავლესობის წევრები, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ერთად, კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას მართავენ. როგორც გუნდის წევრები ამბობენ, განხილვის მთავარი თემა მოსამართლეების შერჩევის ის კრიტერიუმებია, რამაც მმართველ გუნდში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

მოლაპარაკებას ესწრება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეს და დაპირისპირებულ თანაგუნდელებს დღეს პირველად ხვდება.

როგორც ბესელია აცხადებს, განსახილველად წარმოდგენილი აქვს ოთხი საკითხი, რაც შეეხება ძალადობრივ მეთოდებს და მორალური ტერორს დღევანდელი დღის წესრიგში არ განიხილება:

„მაქვს ოთხი ძირითადი საკითხი, რაც მინდა რომ დღეს განვიხილო, პირველი – სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ რა კრიტერიუმებზე და პროცედურაზეც ვიმსჯელეთ პარლამენტში კანონმდელებმა, არ მოხდეს ამ პროექტის დაწერა იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომლებსაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ. მეორე – შეჩერდეს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა და ეს ცვლილება უკვე მომზადებული მაქვს როგორც წინა სხდომაზე შევთანხმდით. მესამე არის თავად კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც უნდა მივიღოთ კანონში, როგორც ახალი მექანიზმი, რომ დავაზღვიოთ რისკები, გაიმართოს მოსამართლეთა შერჩევის ჯანსაღი პროცესი და ავირჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოსი და მეოთხე – უნდა ვიმსჯელოთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მეთოდებს, ძალადობრივ თუ მორალურ ტერორს და ა. შ. ეს მთავარი დღის წესრიგი არ არის ჩემთვის, ამაზე საუბარი ალბათ იქნება, მაგრამ მთავარი დღის წესრიგი არის ეს ოთხი საკითხი“- განაცხადა ეკა ბესელიამ.  

მსგავსი თემები