“დამორჩილება” თუ დაუმორჩილებლობა?! – ვაშაძე განცხადებას დღეს გააკეთებს

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით გაიზიარებს თუ არა, დღეს გამოაცხადებს.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, სანამ გუნდი არ შეთანხმდება, სააკაშვილის მოწოდება მხოლოდ ერთი ადამიანის მოსაზრებად დარჩება.

„მე, ჩემი მეუღლის და ჩემი ქალიშვილის და აი ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ უპირველეს ყოვლისა. ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით მითღებული არ არის, ის, რაც არ მიღებულა და რაც ამ ტრიბუნიდან ამ შტაბში არ გამოცხადებულა, ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად რჩება. მე რომ ამ პოზიციას ვიზიარებდე, ეს იქნებოდა ამ შტაბის და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 18:00 საათზე ფილარმონიაში იკრიბება. სწორედ აქ გახდება ცნობილი რა გეგმები აქვს ოპოზიციას.

„იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, არ ვიცი ამას შეიძლება ვუწოდო თუ არა არჩევნები. ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს ცესკოდან, პარალელურად ჩვენი შტაბი თვლის შედეგებს და ადგილიდან ვიღებთ ყველა ოქმს და დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ხმას დავიცავთ“ – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მასობრივი დაუმორჩილებობისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები