“სირცხვილია, მრავალსაუკუნოვან ქართველ ერს, ტლუ, გაუნათლებელი, ავადმყოფი მართავდეს” – მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოში ჩატარებულ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება, რომელშიც დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს და საზოგადოებას მასობრივი დაუმორჩილებლობისკან მოუწოდებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, არასდროს აღიარებს ბიძინა ივანიშვილს და დღეიდან მას აღარ მიიჩნევს საქართველოს ლეგიტიმურ მმართველად.

მისივე შეფასებით, 28 ნოემბრის არჩევნებს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, რადგან “კრიმინალი მთლიანად შეერწყა ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებს და აკონტროლებს უკლებლივ ყველა სახელმწიფო პროცესს.

“ხალხო, თქვენ ამ წუთში, დღეს, ბინძურმა ოლიგარქმა თავზე გადაგახიათ კანონი, კონსტიტუცია, დემოკრატია, არჩევნების ინსტიტუტი. ეს არ იყო, არც არჩევნები, არც დემოკრატიული პროცესი და ამას არაფერი აქვს საერთო ხალხის ნებასთან. ეს არის ქურდული სამყარო, ძველი ბიჭები და გარეწრები, რომლებიც საქართველოში გარკვეული პროცენტი ყოველთვის არის ხოლმე, შავი სამყაროს წარმომადგენლები. ის ხალხი, ვინც გძარცვავდათ ტრადიციულად, მთლიანად შერწყმული ოლიგარქს. ეს იყო და არის ძალადობა, მოსყიდვა, ღიად დარიგება საარჩევნო უბნებში ფულის. დღეს იყო სროლა ახალქალაქში, ეს არის ყველაფერი ის, რაც არ არის დემოკრატია და ხალხის ნების თავისუფალი გამოხატულება”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

იგი მოუწოდებს პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს, შეიარაღებულ ძალებს – არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს – გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას, რომელიც მისივე თქმით, დაეპატრონა საქართველოს.

მსგავსი თემები