გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ საქართველოს 100 000 პირბადე და 2 000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი საჩუქრად გადასცა

გერმანიის მთავრობის ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 100 000 ერთეული პირბადე და 2 000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი საჩუქრად გადასცა.

„იმედი გვაქვს, რომ ეს მცირედი, მაგრამ საჭირო დროს გაწეული დახმარება, საშუალებას მისცემს პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალსა და საჯარო მოხელეებს, უსაფრთხოდ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ პარტნიორებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან ეფექტურად გამკლავებაში. ჩვენ ასევე ერთობლივად განვიხილავთ მუნიციპალიტეტებისა და რეგიონებისთვის დახმარების აღმოჩენის სხვადასხვა გზებს, როგორც მოცემულ ვითარებაში, ასევე, კრიზისული ფაზის გადავლის შემდეგ“, – აცხადებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის მრჩეველი არჩილ ჟორჟოლიანი.

„დღეს, როდესაც საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად რთული გამოწვევის წინაშეა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების დახმარება. ასეთი თანადგომა გვეხმარება, როგორც უშუალოდ ვირუსთან ბრძოლაში, ასევე, უქმნის ჩვენ თანამოქალაქეებს იმის განცდას, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს გვაქვს ჩვენი პარტნიორების დახმარების მყარი გარანტიები. მოწოდებული ინვენტარი გადანაწილდება საქართველოს რეგიონებში და დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. მადლობას ვუხდით გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს ამ რთულ ვითარებაში დროულად აღმოჩენილ იმ ნიშვნელოვანი დახმარებისთვის“, – აღნიშნავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს კარგი მმართველობის, დემოკრატიის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოსდაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. 2020 წლის 1 აპრილიდან GIZ-მა დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან სტრატეგიული თანამშრომლობით,  პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების სფეროების რეფორმირების პროცესს.

მსგავსი თემები