ბათუმში, ქალთა და ვაჟთა შორის ფარიკაობაში შეჯიბრი გაიმართა

საქართველოს თასის ღია გათამაშება ფარიკაობაში ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირი ქალთა და ვაჟთა შორის ხმალშირაპირასა და დაშნაში გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 200 – მდე მოფარიკავე ასპარეზობდა.

ტურნირში, ბათუმის სასპორტო სკოლის 5 აღსაზრდელი მონაწილეობდა, რომლებმაც ხმალსა და დაშნაში სინჯეს საკუთარი ძალები. მათ ანგარიშზე სულ სამი ბრინჯაოს მედალია: დაშნით ფარიკაობაში ქალთა შორის ევა აგამიანი მესამე საპრიზო ადგილს დაეუფლა, ხოლო ხმლით ფარიკაობაში ძმები ლაშა და ლუკა კუჭუხიძეები ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის დასასრულს ლაშა კუჭუხიძე ჭაბუკთა შორის საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების სიაში ჩაირიცხა და იგი მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებს.

სამივე გამარჯვებულის პირადი მწვრთნელი გიორგი რამიშვილი გახლავთ, რომელიც ბუდაპეშტში 4-თვიანი საკვალიფიკაციო კურსის გავლის შემდეგ ბათუმის სასპორტო სკოლაში საერთშორისო კატეგორიის მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდა.

მსგავსი თემები