„შირაქის“ ფერმა იხურება

  •  

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „შირაქის“ ფერმა იხურება. ინფორმაცია თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა გავრცელა. ის ასევე ამბობს, რომ იხურება არა მხოლოდ „შირაქის“ ფერმა, არამედ – სხვებიც.

„შირაქის“ დამფუძნებელ ნიკოლოზ ბენიანიძეადასტურებს, რომ ფერმის დახურვა უწევს. „400 სული საქონელი მყავდა და ვყიდი, ალბათ მხოლოდ 30-მდე სულს დავიტოვებ, რადგან ვეღარ ვინახავ. მერე თუ იქნება ქვეყანაში დაინტერესება, კვლავ აღვადგენ ბიზნესს, თუმცა ამ ეტაპზე ვეღარ გავუძელი, წამგებიანია“, – ამბობს ბენიაიძე, რომლის ინფორმაციითაც, 9 წლის განმავლობაში 8 მლნ ლარამდე ინვესტიცია აქვს ჩადებული.

ლარის კურსის გაუფასურება და შედეგად, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რატომაც ბიზნესმენმა ფერმის დახურვა გადაწყვიტა.

„მეწველი ძროხების მზა საკვები შეიცავს შროტს, რომელიც იმპორტირებულია. ძირითადი პრობლემაც სწორედ ამან გამოიწვია – საქმე ისაა, რომ თუ შარშან 1 კილოგრამ შროტში ვიხდიდით 1.65 ლარს, ახლა ვიხდით 2.50 ლარს. მთავარი დარტყმა იყო ვალუტის კურსი და შედეგად, საკვების გაძვირება. ჯამში, თუ 9 წლის წინ 1 ძროხის შენახვა დღეში 6 ლარი მიჯდებოდა, ახლა 20 ლარს ავცდი“, – განმარტა ნიკოლოზ ბენიაიძემ და დასძინა, რომ „ამის მიუხედავად, რძის ფასი არ გაიზარდა“.
კიდევ ერთი გამოწვევა, რომელზეც რძის ინდუსტრიის მწარმოებელი საუბრობს, იმპორტირებული რძეა, რომელიც ადგილობრივ ნაწარმზე იაფად იყიდება.

რაც შეეხება სიტუაციიდან გამოსავალს, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მერძევეების პრობლემების შესახებ ინფორმირებულია, ბიზნესისგან შეთავაზებებიც მოსმენილი აქვთ, თუმცა – უშედეგოდ.

„გამოსავლის მეტი რა არის, ძალიან ბევრჯერ ვუთხარით სამინისტროს ჩვენი პრობლემების შესახებ, თუმცა წუწუნით და თხოვნებითაც დავიღალეთ. გვქონდა საუბარი შროტის დასუბსიდირებაზე, მაგრამ უარი გვითხრეს, დღგ-ის მოხსნას ვითხოვდით, ამაზეც უარი გვითხრეს ან 1 ლიტრ რძეზე ვითხოვდით სუბსიდირებას, მაგრამ ეგეც უყურადღებოდ დარჩა. ევროპაში 1 ჰა მიწას ასუბსიდირებენ 200-დან 300 ევრომდე და საქართველოში შემოსული პროდუქტი უკვე კონკურენციას უწევს ქართულ ნაწარმს ფასით, რადგან იქ ფერმერებს წარმოება ბევრად იაფი უჯდებათ. ფაქტობრივად, პროდუქტი დემპინგურ ფასად შემოდის. გაგვაჩნია შესაძლებლობა, რომ ქვყანაში რძის მოხმარება დავაკმაყოფილოთ, ამის ტექნოლოგიები გვაქვს, რესურსიც გვაქვს. დარგს ყურადღება უნდა მიექცეს, სუბსიდირება იქნება გამოსავალი“, – განაცხადა ბენიანიძემ და დასძინა, რომ რძის ინდუსტრიას სწრაფი შველა სჭირდება.

“ნაწყენი და გაბუტული არ ვარ, თუმცა დარგს სასწრაფოდ უნდა შველა. ისედაც თითზე ჩამოსათვლელი ფერმებია ქვეყანაში და სხვებიც ჩემს ბედს გაიზიარებენ. ვიცით ეს საქმე ჩიხიდან როგორ გამოვიყვანოთ, თუმცა არ აინტერესებთ“, – აცხადებს ის.

მსგავსი თემები