თბილისში 12 000 ხე-მცენარე დაირგვება – გამწვანების აქცია სააკაძის მოედანზე

თბილისში, კოსტავა-შარტავას რეაბილიტირებულ ქუჩებზე მოწყობილ ახალ გზაგამყოფებზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. გამწვანების აქციაში თბილისის მერი კახა კალაძე, მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობდა.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, თბილისში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად მერია აქტიურად მუშაობს და წლის ბოლომდე მთელს ქალაქში, 12 000 ხე-მცენარის დარგვას გეგმავს.

​მისივე თქმით, საშემოდგომო რგვის ფარგლებში, დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში დაახლოებით, 12 ათასი ხე-მცენარე დაირგვება.

” როგორც გახსოვთ, აქ, სააკაძის მოედანზე მთლიანად ბეტონის გზაგამყოფები იყო და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც შესაძლებელია ასეთი მწვანე სივრცეების მოწყობა, ბეტონის ნაცვლად იყოს გამწვანება. დღეს სიმბოლურად დავრგეთ ნერგები. ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსულიდა მადლობა მათ თანადგომისთვის, თუმცა, ეს უნდა გადაედოს მთლიანად ქალაქს, მოსახლეობას. ყველაზე მეტად რაც სჭირდება დღეს დედაქალაქს, ესაა გამწვანება და თბილისის მერია მზადა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შევცვალოთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ ორგანიზაცია „მზის შვილების“ წევრები, კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. მათი თქმით, მსგავსი ღონისძიებები დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„გამომდინარე იმ მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობიდან, რაც ქალაქშია, ნებისმიერი ახალი ხე, ბუჩქი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საქმე, რომელიც ყველანაირ პოლიტიკაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, ამაში მონაწილეობა მივიღოთ. მსგავსი აქციების პროპაგანდა უნდა მოხდეს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის. თუ გვინდა, რომ ქალაქზე და ჩვენს შვილებზე ვიზრუნოთ, ნერგების დარგვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა, რაც ამ ქვეყანაში შეიძლება გაკეთდეს. ჩართულობა მისასალმებელია და მიხარია, რომ ბევრი ადამიანი მოვიდა და გულწრფელად მიიღო აქციაში მონაწილეობა“, – განაცხადა რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა.

​გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 2000 კვადრატული მეტრია, 4 სახეობის, 200 ძირი მერქნიანი მცენარე (ფოტინია, წყავი, ბზა, კედარი) დაირგო. ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია სარწყავი სისტემა. სამუშაოებს „ეკოსერვისი“ ახორციელებს.

მსგავსი თემები