პოლიტიკურ პროცესებში გვჭირდება ბევრად მეტი ქალი – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, პოლიტიკურ პროცესში და განსაკუთრებით საკრებულოებში, თვითმმართველ ორგანოებში ანუ იმ ერთეულებში, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოსახლეობასთან და საიდანაც ყველაზე უკეთ ჩანს თუ რა აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს და რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ, გაცილებით მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული.

​როგორც თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, ქალთა მეტი წარმომადგენლობა ადგილობრივ თვითმმართველობაში თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში საჭიროა იმისთვის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა და ბევრი საკითხი ქალებმა უკეთ იციან, მაგალითად, რა სჭირდება ბავშვს ბაღში, რა პრობლემებია სკოლაში, ჯანდაცვის სფეროში და სხვა.

მისივე თქმით, ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ეს თემები ყველაზე უკეთ ქალებმა იციან, რადგან სწორედ ქალებზე გადადის ძალიან დიდი ტვირთი სოციალური ნაწილის, ოჯახის, ადგილობრივი საზოგადოების. აქედან გამომდინარე, ქალების ინტერესები ვერ იქნება სათანადოდ გათვალისწინებული, თუ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში არ იქნებიან ქალები.

თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ახლო მომავალში პარლამენტი დაუბრუნდება იმ კანონპროექტზე მუშაობას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ყველა პოლიტიკურ ძალას ავალდებულებს, მინიმუმ ერთი მესამედი წარმომადგენლებისა ქალები იყვნენ.

მისივე თქმით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში წარმოდგენილია პარლამენტში არსებული  ყველა პოლიტიკური ძალა, თუმცა ეს ის ერთადერთი ადგილია, რომელის შეხვედრებზეც ყველა ცდილობს,  გვერდზე გადადოს პარტიული კუთვნილება.

„ისედაც ძალიან ცოტა ქალია პარლამენტში და შესაბამისად, ვცდილობთ არ დავაზიანოთ ეს პროცესი პარტიული დაპირისპირებებით და ვცადოთ ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვმუშაობთ,  როგორიც არის: ქალების მიმართ ძალადობა და ამ ძალადობასთან ბრძოლა,  ოჯახში ძალადობის პრობლემა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება დ სხვა“, – განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და პარლამენტის გენდერულ თანასწორობის საბჭოს სახელით კონფერენციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მსგავსი თემები