“ორმა პოლიციელმა დაადასტურა, რომ განყოფილებაში ლუკა სირაძე არასრულწლოვნისთვის დამთრგუნველ გარემოში იმყოფებოდა” – ჩოლოიანის საქმის პროკურორი

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, სასამართლოში დაკითხულმა ორმა პოლიციელმა დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე არასრულწლოვნისთვის დამთრგუნველ გარემოში იმყოფებოდა.

„დღევანელ პროცესზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების რიგითი თანამშრომლები დაიკითხნენ. ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 10 დეკემბერს, როცა არასრულწლოვანი ლუკა სირაძე ხსენებულ განყოფილებაში იმყოფებოდა გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან, ამ განყოფილებაში არასრულწლოვნისთვის დამთრგუნველი გარემო იყო შემქნილი. მოწმეებმა დაადასტურეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარკვეული გარემოებები. მოწმეებმა ჩოლოიანის პიროვნულ მახასიათებლებზეც ისაუბრეს და გასაკვირი არ არის, რომ თავიანთ თანამშრომელს დადებითად ახასიათებენ. თუმცა, იმ ფაქტს ვერ გაექცევიან, რაც ვიდეოჩანაწერებში აღბეჭდილია. დადასტურდა, რომ ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში იმ სათანადო პირობებში არ იმყოფებოდა, როგორშიც ნებისიერი არასრულწლოვანი უნდა იმყოფებოდეს. მისთვის გარკვეულწილად, დამთრგუნველი და არასათანადო გარემო იყო შექმნილი“, – განაცხადა ჩხეიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ დღეს დაკითხული ორი პოლიციელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს, ვინაიდან ისინიც იმავე განყოფილებაში იმყოფებოდნენ, სადაც ლუკა სირაძის გამოკითხვა მიმდინარეობდა, პროკურორი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მარიანა ჩოლოიანის პასუხისმგებლობის საკითხია გამოკვეთილი.

„ამ ეტაპზე არათუ ამ ორი პოლიციის თანამშრომლის, არამედ საერთოდ არავის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო ინსექტორის საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეს – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ჩვენების მიცემის ფაქტთან დაკავშირებულ საქმეს. თუ ვინმეს მიმართ გარკვეული მტკიცებულებების სტარდატი იქნება შეკრებილი, უცილებლად სათანადო რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა ჩხეიძემ.

მსგავსი თემები