„მერობა მელიას უნდოდა, ის სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა და ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას რეიტინი არ აინტერესებს და მათი საზრუნავი ის პრობლემებია, რომელიც თითქმის 30 წელია, მოსახლეობას დაუბრუნდა. ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ 19 მაისის არჩევნები მოგებული აქვთ.

„ჩემი მთავარი საზრუნავია, რას ფიქრობს მოსახლება. ჩვენი მთავარი საზრუნავი არ უნდა იყოს რეიტინგების გაზომვა და რეიტინგებში ერთმანეთის გადასწრება, არამედ, ის, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ პრობლემები, რომელიც უკვე თითქმის 30 წელია, ჩვენს მოსახლეობას დაუბრუნდა. ყველაფერი გამოჩნდება 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩატარდება. ამ არჩევნებით, მოსახლეობის მხრიდან საზოგადოებაში არსებულ განწყობებსა და ზოგადად, დამოკიდებულებას პოლიტიკოსების მიმართ, კიდევ ერთხელ გაეცემა პასუხი“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე შეფასებით, მოსახლეობას საერთოდ არ აინტერესებს, რა ხდება პარტიებში. შესაბამისად, მედიას ურჩევს პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებით ნაკლებად დაინტერესდეს.

„ვიცი, რომ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, მერობის კანდიდატად ნიკა მელია დაეყენებინა და ის მიხეილ სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა. ამის გამო, ვიცი, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ეს ინფორმაცია არსებობს და რატომ არ საუბრობთ, მაგალითად, თქვენ ან სხვები? არავინ საუბრობს ამაზე. მაინცდამაინც აინტერესებთ, „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება. უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ, ნამდვილად არ მაღელვებს არც ნიკა მელიას და არც არავისი ბედი ჩვენი ოპონენტების მხრიდან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება 19 შეალედურ არჩევნებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეორე ტურსაც არ გამორიცხავს და ამბობს: „ამა თუ იმ ოლქში მეორე ტურის შესაზლო გამართვა ნორმალური პროცესია“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის დეპუტატობაზე შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს იმართება. საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონში, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიმართება. მერს კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში, პარლამენტის წევრს კი მთაწმინდის ოლქში აირჩევენ.

მსგავსი თემები