“ვიდრე აზიელი და აფრიკელი მიგრანტები კარს მოგვდგომიან, უნდა ვიცოდეთ, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფომ”

2018 წლის დეკემბერში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მაროკოში წარგზავნილმა ელჩმა, ხელი მოაწერა გაეროს მიგრაციის მომწესრიგებელ საერთაშორისო პოლიტიკური ხასიათის დოკუმენტს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ავალდებულებს, აზიიდან და აფრიკის ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტთა ნაკადი მიიღოს, სამსახური და საცხოვრებელი პირობები შესთავაზოს და სოციალური პაკეტითაც უზრუნველყოს, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავართან“ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე საუბრობს.

მისივე თქმით, 34-გვერდიანი დოკუმენტი, რის საფუძველზეც ჩვენმა ქვეყანამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, ქართულ ენაზე დღემდე არავის უთარგმნია და არც მედიასაშუალებებით გაუვრცელებიათ ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ.

„2018 წლის 10 დეკემბერს, მიგრაციის საკითხთა უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ქოლგის ქვეშაა, საგარეო უწყებას დაევალა, მიევლინა საგანგებო დავალებათა ელჩი მაროკოს დედაქალაქ მარაკეშში, გაეროს მიგრაციის მომწესრიგებელი პაქტისადმი (სახელწიფოთა შორის დადებული ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულება-ავტ.) დამოკიდებულების გამოსახატად.

კერძოდ, საქართველომ ამ დღეს, კენჭისყრის პროცედურით, 163 სახელმწიფოსთან ერთად, გაიზიარა კონკრეტული პოლიტიკური ვალდებულება, იმ 34-გვერდიან დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც ქართულად დღემდე არ არის ნათარგმნი და შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის პროცედურა საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგან სამართალწარმოების ენა ქართულია. ვიდრე აზიელი და აფრიკელი მიგრანტები კარს მოგვდგომიან, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვიცოდეთ, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფომ და რას ეყარა კენჭი იმ 23-პუნქტიან 34-გვერდიან დოკუმენტში.

აღნიშნული დოკუმენტი, ქვეყანას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს, რის მიხედვითაც, აზიელ და აფრიკელ მიგრანტთა ნაკადის სახელმწიფოს საზღვრებთან მოსვლის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს ისინი საქართველოში ღირსეული საცხოვრებელი პირობებით, სამუშაო ადგილით და გარანტირებული სოციალური პაკეტით, ევროკავშირის მიერ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების სანაცვლოდ, რაც გრანტების ათვისებას გულისხმობს“, – განმარტავს დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიაცენტრ მთავართან“.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას გასული წლის დეკემბერში, იუსტიციის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს მიაწოდეს, როდესაც საზოგადოება უცხოელებზე მიწის დარეგისტრირებას აპროტესტებდა. კვლევის შედეგად კი, როგორც დოკუმენტის დედანს, ასევე გრანტების გამცემ იმ ორგანიზაციასაც მიაკვლიეს, რომელიც მიგრაციის საკითხებზე მედიისთვის გამოყოფილ გრანტებს ანაწილებს:

„დავიწყეთ ძიება, რა როგორ იყო და მივაკვლიეთ როგორც დოკუმენტის დედანს, ასევე გრანტების გამცემ იმ ორგანიზაციას, რომელიც უკვე 5 წელია, მიგრაციის საკითხებზე მედიისთვის გამოყოფილ გრანტებს ანაწილებს ჩვენ ქვეყანაში. ეს არის „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი“, რომელმაც მედიაორგანიზაციებისთვის, გრანტის სახით, 4 მილიონ 800 ათასი ევრო, ანუ 15 მლნ ლარამდე გამოყო, რაც მან, თავის მხრივ, ევროკომისიისგან  მიიღო.“- აცხადებს უფლებადამცველი.

როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აღნიშნავს, კონკრეტულად რომელმა მედიასაშუალებებმა მიიღეს გრანტის სახით გამოყოფილი თანხა, ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ მისივე თქმით, ამის შესახებ მარტში, ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ შემაჯამებელ კონფერენციაზე გაირკვევა:

„მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა“, 2013-2018 წლებში, საქართველოში შემოტანა 15 მლნ ლარი გრანტის სახით და ეს უკვე ათვისებულია სხვადასხვა მედიაორგანიზაციის მიერ. იმისთვის, რომ გაუწიონ პოპულარიზაცია, გამოიწვიონ ემპათია და მიგრაციული პროცესების მიმღებლობა გააჩინონ საზოგადოებაში“, – აღნიშნავს ლორთქიფანიძე. 

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, აღნიშნული პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა ევროპის 20-მა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმაც, რომელსაც სირიასთან სტრატეგული სამხედრო კავშირები გააჩნია:

„ევროპის 20-მა სახელმწიფომ უარი თქვა კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე. მათ შორის არის უნგრეთი, ჩეხეთი ავსტრია, ლატვია, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ ეროვნული უსაფრთხოების დონეზე განიხილავს მიგრაციის საკითხს, შიდა მანიპულაციებით აპირებს გაუმკლავდეს ამ თემას და არ სჭირდება საერთაშორისო ვალდებულებების აღება“, – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე „მთავართან“.

უფლებადამცველის განმარტებით, ეს არის ნების გამოვლინება სახელმწიფოს მხრიდან, ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში გაუწოდოს მათ ხელი და დევნილთა მილიონიანი ნაკადი, რომელიც ევროკავშირს მიაწყდება, ჩვენს ქვეყანაში გადაანაწილოს.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

მსგავსი თემები

One Thought to ““ვიდრე აზიელი და აფრიკელი მიგრანტები კარს მოგვდგომიან, უნდა ვიცოდეთ, რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფომ””

  1. ანონიმური

    მაგ ვალდებულებაზე ხელის მომწერს ტუ აქვს საერთოდ თავში ტვინი და აზროვნების უნარი? საქართველო თავად ურტულეს მდგომარეობაშია მაგ მხრივ და ეს ოხერი ხომ უნდა გაიაზრო რის გამო აწერ ხელს დ არომ ტუ მაგ საქმიდან რამე ხეირ გექნება ათასჯერ მეტს წაგართმევს ეგ ორგანიაზაცია და ქვეყანასაც საფრთხის ქვეშ აყენებ? სრული სიდებილე სჭირს იმ უტვინოს