ერთ საფლავში 150 ნეშტი იყო და ძვლები არეულია – ბათუმში აღმოჩენილ ნეშტებზე

​სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმღვანელი, მუფთიმ ბეგლარ ქამაშიძე აცხადებს, რომ ბათუმში აღმოჩენილი ნეშტები, რომლებიც გასული საუკუნის 30-იან წლებში განხორციელებული რეპრესიების დროს დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნით, ერთმანეთში ისე არის არეული, რომ მათი დნმ-ის დადგენას წლები დასჭირდება. 

როგორც ბეგლარ ქამაშაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათი რელიგია კრძალავს სამარხის გახსნას და მიცვალებულის სხვა ადგილას გადასვენებას თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობით არ არის განპირობებული, მათ შორის, როგორიც არის სტიქიური მოვლენები, მეწყერის ჩამოწოლა და სხვა.

“ისლამის რელიგიის დოგმატის მიხედვით, სამარხების გახსნა აკრძალულია. განსაკუთრებული აუცილებლობა თუ არ არის, სამარხების გახსნას ყოველთვის თავს ვარიდებთ. ვინც სად განისვენებს, იქ უნდა დარჩნენ და ღმერთმა ნათელში ამყოფოთ.​ ​თუ მეწყერი ჩამოწვა და პრობლემა შეუქმნა საფლავს, ამ შემთხვევაში შეიძლება ნეშტების სხვაგან გადასვენება. ტერიტორია, სადაც სამარხია აღმომჩენილი, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილებაა, ჩვენ გვინდა, რომ ის მისაწვდომი იყოს ჩვეულებრივი მრევლისთვისაც და ნეშტები ნეირალურ ტერიტორიაზე გადაასვენონ, სადაც იქნება სამარხები და სასაფლაო”, – აცხადებს სასულიერო პირი. 

მისივე თქმით, ​კომუნისტებს არ ჰქონდათ რელიგიის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ამიტომ, როცა ადამიანებს დახვრეტდნენ, მათ ცალ-ცალკე არ მარხავენ, არამედ, ერთ სამარხში ათავსებდნენ.  

​ბეგლარ ქამაშაძე არ გამორიცხავს, რომ სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი, დანარჩენი 500-მდე ადამიანის ნეშტიც ბათუმში, სხვა ტერიტორიაზე იყოს ჩამარხული. 

“აღმოჩენილია 150 ნეშტი, მაგრამ სახელობით სიაში 600-ზე მეტი გვარია. ძვლები ისეა არეული, მათი გარჩევა გაჭირდება. ვისარგებლებ შემთხვევით და მივუსამძიმრებ იმ ადამიანებს, ვინც თავის გულებში კიდევ ერთხელ განაახლა ბაბუების პრობლემები და ის რთული დღე გაიხსენა. ვუთანაგრძნობ, ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წინაპრის ასეთი რთული მდგომარეობის შესახებ ახლა გაიგო და ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გაიხსენა. ვუსამძიმრებ, არა მარტო მუსლიმ მრევლს, იქ არიან სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები, ყველა მათგანის ახლობლებს ვუთანაგრძნობთ. აქამდე არ მქონდა ინფორმაცია მსგავსი სამარხი თუ არსებობდა იმ ადგილას. ჩვენი მრევლის ძალიან ბევრი წევრი მოვიდა ჩვენთან ამ დღეები და გვთხოვეს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. ადამიანებს სურთ დნმ-ის ანალიზი ჩატარდეს და გაიგონ რომელი ნეშტია მათი კუთვნილება, მაგრამ ამას წლები დასჭირდება”, – აცხადებს ​ბეგლარ ქამაშაძე.

მისივე თქმით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, ნეშტების შესწავლასთან დაკავშირებულ ფინანსურ ნაწილში მონაწილეობის მზაობას გამოთქვამს, რის შესაძლებლობაც მათ ორგანიზაციას ექნება. 

მსგავსი თემები